№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩია.
კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ 294 ადამიანი იქნა არჩეული.
კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საოლქო კომისიებს ობიექტურად მუშაობისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო პოლიტიკური პარტიის ლიდერების ერთმა ნაწილმა გაავრცელეს სია, თუ ვინ უნდა დანიშნულიყო კომისიებში.
მათი თქმით, კომისიის წევრებად გამგებლის წარმომადგენლების ახლობლები, საჯარო პირების ნათესავები და “ქართული ოცნების“ აქტივისტების დანიშვნა იგეგმებოდა.
ზვიად თენიეშვილის თქმით, კომისიაზე არჩეულიდან 255 ადამიანი პროფესიონალი არის და მათ წინა არჩევნებზეც მიუღიათ მონაწილეობა. ასევე კომისიაში შერჩეული იქნა საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამოთქვეს საარჩევნო უბანზე ყოფის სურვილი .
“მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და ობიექტურად“, _ გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.
კომისიის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა პროცესი ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.