პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიაში მარიხუანას დეკრიმინალიზაციამ მისი მოხმარება გაზარდა, ტყუილია.
"2016 წლის 10 აგვისტოს საქართველოს და მსოფლიოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, გიორგი რაზმაძის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს: "ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია პირდაპირპროპორციულად გაზრდის ნარკომომხმარებელთა რაოდენობას და ამის მაგალითია ევროპის ქვეყნები, მაგალითად, ჰოლანდია.”
მარიხუანას მოხმარების რეგულაცია ჰოლანდიაში
ნიდერლანდებს მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ ტოლერანტული პოლიტიკა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვა ე.წ. coffee shop-ებში სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა პროკურატურა ამ დარღვევის გამო ობიექტებს არ დევნის. აგრეთვე, არ იდევნება ერთ ადამიანზე 5 გრამამდე მარიხუანას/ჰაშიშის და 5 ძირი კანაფის ფლობა.
კანაფის და მარიხუანას გაყიდვა coffee shop-ებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
-
არ უნდა გამოიწვიოს ხმაური
-
აკრძალულია მძიმე ნარკოტიკების გაყიდვა
-
აკრძალულია მარიხუანას არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა
-
აკრძალულია ნარკოტიკების რეკლამირება
-
დაუშვებელია დიდი რაოდენობით მარიხუანას გაყიდვა (ერთ ადამიანზე მაქსიმუმ 5 გრამი)
-
ობიექტი არ უნდა მდებარეობდეს სკოლიდან 250 მეტრის რადიუსში
2012 წლიდან ნიდერლანდების სამხრეთ პროვინციებში ამოქმედდა ე.წ. "weed pass" – ბარათი, რომლის მეშვეობითაც მარიხუანას ყიდვა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. ამ პოლიტიკის გატარებას პროვინციები ინდივიდუალურად წყვეტენ მას შემდეგ, რაც ტურისტებზე მარიხუანას გაყიდვის შეზღუდვის მცდელობა ამსტერდამის მერმა გააპორტესტა. ამჟამად კანონი მხოლოდ ლიმბურგის, ჩრდილოეთ ბრაბანტის და ზილანდის პროვინციებში მოქმედებს.
მარიხუანას მოხმარების სტატისტიკა
ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გატარება ჰოლანდიამ 1976 წლიდან დაიწყო, როდესაც ოპიუმის აქტით მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების ერთმანეთისგან გარჩევა მოხდა. განსხვავება კვლევის მეთოდოლოგიებში არ გვაძლევს შესაძლებლობას შევადაროთ ერთამენთს კანაფის მოხმარების რაოდენობრივი მონაცემები 1976 წლამდე და მას შემდეგ.
ფონდი "ღია საზოგადოების” ანგარიშის მიხედვით, კანაფის მოხმარების მაქსიმალური რაოდენობა ჰოლანდიაში 1996 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოხმარების რაოდენობამ იკლო. 1980-იან წლებში coffee shop-ების გახსნამ გავლენა იქონია თავდაპირველად მოხმარების გაზრდაზე, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ ძლიერი სოციალური ფაქტორები, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს, უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს, ახალგაზრდულ და მუსიკალურ კულტურას უკავშირდება.
რანდის კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 15-34 წლის ჰოლანდიელებში კანაფის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 1998-2005 წლებში უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
მოსაზრება, რომ კანაფის დეკრიმინალიზაცია მოხმარების ზრდას იწვევს, ასევე გადაამოწმეს 2004 წლის კვლევაში. მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს კანაფის მოხმარების რაოდენობა საპირისპირო ნარკოპოლიტიკის მქონე ქალაქებში – ამსტერდამსა და სან ფრანცისკოში. მათ შეადარეს ასაკი, რეგულაური და მაქსიმალური მოხმარების რაოდენობა, სიხშირე, ხანგრძილოვობა და სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სან ფრანცისკოში ნარკოტიკების მოხმარების უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო. ამას გარდა, არ დადასტურდა, რომ კრიმინალიზაცია ამცირებს, ან დეკრიმინალიზაცია ზრდის კანაფის მოხმარებას.
კანაფი და სხვა ნარკოტიკები
ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ მარიხუანა არის ე.წ. გასასვლელი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ზემოთ ხსენებული რანდის კორპორაციის მიერ ჩატარებული კვლევა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია შეფარდება იმ ადამიანებს, რომლებსაც გაუსინჯავთ კოკაინი (1) ან ამფეტამინი (2) და მათ შორის, ვისაც გაუსინჯავს კანაფი.
განსხვავება დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის
ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას ხშირად ხდება დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის ცნებების ერთმანეთში აღრევა. დეკრიმინალიზაცია გულისხმობს მცირე რაოდენობის მარიხუანას ან სხვა რეკრეაციული ნარკოტიკების ფლობის გამო სასჯელის შემსუბუქებას ან გაუქმებას. დეკრიმინალიზებულ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გაყიდვა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია. მეორე მხრივ, ლეგალიზაცია ითვალისწინებს მარიხუანას ფლობის და პერსონალური გამოყენების აკრძალვის გაუქმებას. ამასთან ლეგალიზაცია უფლებას აძლევს სახელმწიფოს დაბეგროს მარიხუანას გაყიდვა და მოხმარება.
დეზინფორმაციის წყარო: მღვდელი გიორგი რაზმაძე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. გიორგი რაზმაძემ დედათა მონასტრისა და მრევლის წარმომადგენლებთან ერთად ჩაშალა ფესტივალი Tbilisi JAM! 2016, რომელიც საბაჟო ტერმინალ "ზაჰესი 2007”-ის ტერიტორიაზე იმართებოდა. მისი ინტერვიუები ხშირად ქვეყნდება "საქართველოს და მსოფლიოს” ვებ-გვერდზე, ხოლო მისი ლექსიკა სიძულვილის ენით გამოირჩევა, განსაკუთრებით ლგბტ თემისა და რელიგიური უმცირესობების მიმართ. გიორგი რაზმაძე ასევე ხშირად ფიგურირებს მედიის განვითარების ფონდის კვლევაში "ანტიდასავლური პროპაგანდა” როგორც ანტიდასავლური განწყობების წყარო", _ აღნიშნულია კვლევაში.