შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
აღნიშნულის შესახებ ცენტრი განცხადებას ავრცელებს:
"ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება. ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.
23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-ით", _ ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.