საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მომხდარი დამანგრეველი მიწისძვირის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
"იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში", _ აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯასთან 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დღეს მოხდა. ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქებია: ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი და რიეტი.
მიწისძვრას მსხვერპლიც მოჰყვა, თუმცა, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.