ოკუპირებული ცხინვალის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის ფაქტს, რომელიც ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი გამოეხმაურა.
“სამწუხაროა, რომ თანამედროვე სამყაროში ახალი საზღვრების აღმართვა ხდება. ჩვენ არ ვცნობთ ამ საზღვრებს, მავთულხლართებს, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აშორებს. ასევე, არ ვცნობთ ამ საზღვრების ჩაკეტვას, საზღვრების, რომელიც იქ საერთოდ არ უნდა იყოს. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მიხედვით, რუსული ჯარები დისლოკაციის პირვანდელ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ წარმოებული მასშტაბური სამხედრო წვრთნებით", _ განაცხადა ელჩმა.