ოზურგეთის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი, ავთანდილ ჩხაიძე ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ახლა კენჭს ოზურგეთში "ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობიდან" იყრის, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, წარსული საქმიანობა მას უხერხულობას არ უქმნის.
მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე "გურია ნიუსი" დაინტერესდა შეუქმნის თუ არა მას უხერხულობას მოსახლეობასთან შეხვედრისას ის ფაქტი, რომ ის ედუარდ შევარდნაძის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
"მიმაჩნია, რომ უხერხული არაფერი უნდა იყოს, რადგან ჩვენი დიდი დამსახურება არის იმაში, რომ დღეს ოზურგეთში სიწყნარეა, მშვიდად ცხოვრობენ ადამიანები და ეს აბსოლუტურად არის ჩვენი დამსახურება. 1999 წლის ზაფხულს წერტილი დავუსვით იმ ბანდიტების თარეშს, რომლისგანაც გამწარებული იყო ხალხი. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას 21 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა", _ გვიპასუხა ავთანდილ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს ძალიან ბევრი საქმე არის გაუხსნელი.
"ქვეყანაში არის წინსვლები, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, რომლის მოგვარებას უფრო მეტი ოპერატიული მუშაობა უნდა. პირდაპირ გეტყვით ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხდარი ყაჩაღობებიდან და მკვლელობიდან, რომელი არის გახსნილი ოზურგეთში? ეს სტატისტიკა კი ნამდვილად არ იქნება სახარბიელო", _ თქვა ავთანდილ ჩხაიძემ.