საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთიდან გამოძევებული 1775 ქართველი მსხვერპლის შესახებ მასალები გადაუგზავნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მასალები მოიცავს საქართველოს მოქალაქეების გამოძევების შესახებ დეტალურ მონაცემებს დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.
ქართული მხარის შეფასებით, გაგზავნილი სია რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებს, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა საქართველოს 4 600-ზე მეტი მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.
"ქართული მხარე სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის და გამოძევებული ქართველების შესახებ მონაცემთა ბაზებში დაცული სრული ინფორმაციის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდების აუცილებლობას. რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, მხარეების მიერ დღემდე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლო თავად გადაწყვეტს, აქვს თუ არა ყველა საჭირო ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ ვაგრძელებთ სასამართლოსთან აქტიურ კომუნიკაციას და მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ მივაწოდოთ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია. შესაბამისად, საქმე ეხება ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავას. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ სახელმწიფო და დეპორტაციის მსხვერპლი ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და თავი შევიკავოთ მცდარი ინფორმაციების გავრცელებისგან", _აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა თუ რა ეტაპზე ვართ ახლა და რა პროცედურები იქნება შემდეგ.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 26 მარტს. მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობა რუსეთიდან გამოძევებული 4,634 ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევების გამო დაობდა, მთავრობის მიერ 2008 წელს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია იქნა წარდგენილი; თუ რატომ − ამაზე ჩვენ ახსნა არ გვაქვს", − განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, რათა მიუხედავად ნაკლოვანი სიისა, დავა არა მხოლოდ 118 დაზარალებულის ნაწილში ყოფილიყო მოგებული, არამედ სრულად დაკმაყოფილებულიყო საქართველოს სასარჩელო მოთხოვნები. 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად მოგებით დასრულდა ყველა − 4600-ზე მეტი დაზარალებულის ნაწილში.