შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერების პენსიის გაზრდის შესახებ ისაუბრა.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ხვალიდან ამოქმედდება. სოციალური შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი. მათ შორის არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, 20%-ით გაიზრდება სხვა სოციალური პაკეტების დანამატიც და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება.
როგორც სოფრომაძემ აღნიშნა საქართველოს მთიან რეგიონებში 52000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირი ცხოვრობს.
„მიმდინარე წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 52 000-მდე ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მომდევნო თვეს 1 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყოფა.
ყოველთვიური დანამატი მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალსაც მიეცემა. მათ შორის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 500-მდე ექიმი და ექთანი, რომლებიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურებიან, ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ. ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის _ 180 ლარით განისაზღვრება. დანამატი გაიცემა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისთვის _ ჯამში 350 ადამიანისთვის. ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თიანეთში, თეთრიწყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში“ _ განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ზაზა სოფრომაძის თქმით, დანამატს ასევე მიიღებენ მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში _ „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“.
ექიმის დანამატი განისაზღვრება პენსიის ორმაგი ოდენობით _ 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი განისაზღვრება 180 ლარით. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650 ლარს, ხოლო ექთნის _ 455 ლარს შეადგენს.