ოზურგეთში, 23 აგვისტოს, ცესკოს განრიგის მიხედვით, უბნის კომისიის წევრების შერჩევის ბოლო დღეს, ოზურგეთის საოლქო კომისიის სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო კომისიების წევრები აირჩიეს.
კომისიაში შესული 396 განცხადებიდან, 294 წევრი უნდა აერჩიათ ოზურგეთის #60 ოლქის 49 უბანში.
სხდომის დასაწყისშივე, საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა თქვა, რომ, არჩევანი რთული არ იყო, რადგან კანდიდატებისგან უმეტესობას გამოცდილება უკვე ჰქონდა.
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საოლქო კომისიის მიერ, უბნის კომისიის წევრთა არჩევა სხდომაზე ღია კენჭისყრით არ ჩატარებულა და არც აპლიკაციები განუხილავთ. ოლქის ყველა წევრს, გარდა მზია წერეთლისა ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") და ბადრი აბუსერიძისა ("გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა") სხდომაზე თითოეულ უბანზე ასარჩევი კონკურსანტების ვინაობა წინასწარ ჰქონდათ შემოხაზული ჰქონდათ, რასაც ოლქის სხდომაზე, უბრალოდ, ხელმოწერით ადასტურებდნენ.
ზვიად თენეიშვილმა ამ ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ შესული განცხადებების სიმრავლის გამო, საუბნო კომისიების წევრობის კანდიდატთა სია 3 დღით ადრე მიაწოდა საოლქო კომისიის წევრებს და სწორედ ამიტომ მივიდნენ ისინი სხდომაზე წინასწარ შემოხაზული, ანუ "მომზადებული" სიებით.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, კახა ჩავლეშვილი: "საქართველოში არჩევნების ჩატარების ორგანიზებისთვის საჭირო კომისიის წევრების თითქმის ნახევარი კონკურსის წესით დასანიშნი პირია. წევრების შერჩევისა და კონკურსის ჩატარებისას, სამართლებრივ ან პროცედურულ დარღვევებზე მეტად, მნიშვნელოვანია, ვინ აგროვებს კონკურსის წესით დასანიშნ პრეტენდენტებს. კარგი იქნება, თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციები რაიმე ფორმით ამ საკითხს გამოიკვლევენ. მნიშვნელოვანია იმის გამოკვლევაც, მოხდა თუ არა კონკურსი წესით შესარჩევი პირების შეკრება და ვინ იყო ორგანიზატორი.
კომისიის წევრობის პრეტენდენტებს, ძირითადად, აგროვებენ გამგებლების წარმომადგენლები სოფლებში; ასევე, დიდია ე.წ. აიპებ-ში და საგანანმათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების წილი. აქედან გამომდინარე, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ საუბნო კომისიის წევრები მოექცნენ სახელისუფლებო პარტიის გავლენის ქვეშ.
ჩვენში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს კვლავ არჩევნების გაყალბება წარმოადგენს, რაზეც სამართალდამცავების რეაგირება ფაქტობრივად არ ხდება, მიუხედავად ჩვენი საარჩევნო ისტორიის უკუღმართობისა. ამიტომაც, დღემდე ჩატარებული არჩევნების სამართლიანობისა და კანონშესაბამისობისადმი საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია.
დღემდე არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუჩენია პოლიტიკური ნება არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები, სამართლებრივზე მეტად, პოლიტიკურ რეგულირებას საჭიროებს," _ ამბობს კახა ჩავლეშვილი.
#60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი ოპოზიციის ბრალდებებზე ასე პასუხობს:
"საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი დასრულდა 2016 წლის 17 აგვისტოს. 23 აგვისტოს ჩატარდა #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა და სახელობითი ღია კენჭისყრით არჩეული იქნა კომისიის 6 წევრი.
17 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით, მოხდა კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიის ყველა წევრისთვის ხელმისაწვდომი იყო კონკურსანტთა დოკუმენტაცია; შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს 23 აგვისტოს სხდომისთვის უკვე შერჩეული ჰყავდათ სასურველი კანდიდატები.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა მოხდა კანონის შესაბამისად. მეტი თვალსაჩინოებისთვის გიგზავნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებს და გადაწყვეტილების მიღების წესს. აქვე გაცნობებთ, რომ სხდომას ესწრებოდნენ: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ,"IRI" და "ახალი თაობა _ დემოკრატიული არჩევნების" დამკვირვებლები."
"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი რაისა ქონიაძე ამბობს, რომ პარტიამ ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მიაწოდა:
"თავიდანვე გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ "ქართული ოცნება" შეეცადა თავიანთი მხარდამჭერებით დაეკომპლექტებინათ საუბნო კომისიები. ჩვენ კარგად ვიცნობთ ადამიანთა განწყობებს და საფუძვლიანი ეჭვები, მათი დანიშვნის შემდეგ გამართლდა. ვფიქრობთ, ამას დაადასტურებს საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. ჩვენმა პარტიულმა ორგანიზაციამ ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას".
საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ "თავისუფალი დემოკრატებიდან" მართლაც აცნობეს შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ.
"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელათ, როგორც ისინი აღნიშნავდნენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით დაკომპლექტებული სიებით.
რამდენიმე საარჩევნო ოლქში ეს ეჭვი მართლაც დადასტურდა და საია-მ მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა.
რაც შეეხება ოზურგეთის ოლქს, აქ რამდენიმე უბანზე მართლაც მოხდა სიებთან თანხვედრა, მაგრამ უბნების უმრავლესობა წინასწარ მოწოდებული სიების შესაბამისად არ დაკომპლექტებულია; ამიტომ, ოზურგეთის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილების გასაჩივრება არ მომხდარა.
რაც შეეხება საოლქო კომისიის მიერ უბნის კომისიის წევრების არჩევის პროცესს; არჩევა სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრების მიერ წინასწარ მიცემული ხმებით გახორციელდა, ცხადდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული წევრის მიერ კანდიდატებისთვის მიცემული ხმა, ითვლებოდა და ხმამაღლა ცხადდებოდა თუ რამდენი ხმა მიიღო კანდიდატმა და ბოლოს, რომელი კანდიდატი ხდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.
სამწუხაროდ, საოლქო საარჩევნო კომისიები პროფესიული ნიშნით ისე ირჩევენ უბნის კომისიის წევრებს, რომ მათთან არ ხდება გასაუბრება. მხოლოდ ავტობიოგრაფიით და დოკუმენტაციებით პირთა შერჩევა სრულფასოვანი ვერ იქნება და არ იძლევა პირის პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფილად შეფასების საშუალებას," _ ამბობს თამაზ ტრაპაიძე.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში ოპოზიციის მიერ წამოყენებულ ბრალდებებს მოკლედ უპასუხეს: "ბრალდება, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაჟღერდა, სიმართლეს არ შეესაბამება".
სტატია ქვეყნდება პროექტის _ "გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.