"რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ პოლიტიკოსები. "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ მოსმენები გულისამრევია და ამის გამოქვეყნება და ის, რომ ამაზე ვინმე რამეს აწყობს, არ მიაჩნია სწორად და სამართლიანად.
"საერთოდ მოსმენები გულისამრევია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ გვარამიას უსმენდნენ. მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბურჭულაძეს მოუსმინონ. ერთს უსმენდნენ თუ მეორეს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ მოსმენები გულის ამრევია და ამის გამოქვეყნება და ის, რომ ამაზე ვინმე რამეს აწყობს, არ მიმაჩნია სწორად და სამართლიანად, მაგრამ ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია ეს არის ხელოვნური ფსევდოოპოზიცია, შექმნილი ბიძინა ივანიშვილისა და შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც ყოველდღიურად ტოვებენ მთავარი წარმომადგენლები. ეს პარტია უკვე აღარ არსებობს, სამაგიეროდ, აქვს რაღაც შანსები – ყოველ დღე გამოდის მათი მნიშვნელვანი წარმომადგენელი და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მერე გამოდის ბიძინა ივაიშვილ და ამბობს, მე მაგის კაცი არ ვარ და ა.შ. ეს არის თამაში ორივე მხრიდან და თუ გნებავთ სამივე მხრიდან, მათ შორის „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დახატონ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარდა, რომლებსაც ეკუთვნით ეს პარტიაც, არავის შანსი არ აქვს. ეს არ არის სწორი. ეს ორი პარტია ერთად 50 %-ზე მეტს არ ფლობს. მომავალი პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული, ერთ პარტიას არ ექნება არანაირი განსაკუთრებული უპირატესობა, ამიტომ მათ სხვა რამეებზე მოუწევთ საუბარი", _ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.