სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა.
თორბიორნ იაგლანმა განაცხადა, რომ მადლობელია იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის არსებობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის მართლაც ეფექტური, ნაყოფიერი ურთიერთობა არსებობს. მისი თქმით, საჭიროა ამ თანამშრომლობის გაგრძელება და განვითარება ყველა მიმართულებით.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენო არჩევნებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიული დემოკრატია და მისი შენარჩუნება. როგორც თორბიორნ იაგლანმა განაცხადა, საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლადარჩეულ პარლამენტში.
მხარეებმა განიხილეს ასევე, რეგიონული საკითხები და ევროპაში არსებული გამოწვევები.
სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.
ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.