„ჯერ "რუსთავი 2“ რამდენად შეიძლება იყოს სიმართლის ეტალონი? _ სიცრუის ეტალონად კი გამოდგებოდა ნამდვილად. მაგისგან ნახსენები წარღვნა ნუ დაძაბავს მოსახლეობას. მე მგონი, საკუთარი გუნდის შემაგრებას აგრძელებს, რომ არ ჩამოეშალოს ბოლომდე, რომ ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენო. სად ჩამომსვლელია ეს საცოდავი, დაკეტილი სივრცის ლიფტში ეშინია, არ გაიჭედოს“, _ განაცხადა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლი იქნება ვერდიქტი.
ივანიშვილის თქმით, „ნაციონალებმაც“ კარგად იციან, რომ "ქართული ოცნებისგან" არჩევნების გაყალბება გამორიცხულია.
„მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არა აქვთ და ცდილობს, როგორმე გუნდი მოიყვანოს და მერე წარღვნას დავაფუძნებო მე და გადავატრიალებთ, ავატრიალებთო. არაფრის თავი არა აქვთ მაგ საცოდავებს, ზის იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოვიდეს, საკუთარ სახელმწიფოს ელემენტარული პატივი სცეს“, _ განაცხადა ივანიშვილმა.