დღეს მართლმადიდებლური სამყარო ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამ წუთებში ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება. ტაძრებში წმინდა სახარებიდან იმ ადგილს წაიკითხავენ, სადაც უფლის ჯვარცმის შესახებ არის საუბარი.
დღსასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი იპოვეს, რომელიც 300 წლის განმავლობაში მიწაში იყო დამარხული. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი 326 წელს მოხდა. კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.