თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. "ბასლეინები" (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის- "Bus Lane") დაიხაზა.
"საგზაო მონიშვნები ყვითელ ფერში შესრულდა და ზოლში გაკეთდა წარწერები "Bus Lane". გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში "Bus Lane"-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს. უშუალოდ "Bus Lane"-ში მოძრაობა მათთვის აკრძალულია.
ტრანსპორტის სამსახურმა თბილისში "Bus Lane-ის" დახაზვა ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტად უსაფრთხოდ და სწრაფად იმოძრავებს.
"Bus Lane-ის" დახაზვა აღმაშენებლის გამზირზეც იგეგმება. აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით, კომპანია "მოტ მაკდონალდი" თბილისში "Bus Lane-ის" მოწყობის შესაძლებლობებს იკვლევს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების გამოყოფას ქალაქის მასშტაბით გეგმავს", _ აცხადებენ თბილისის მერიაში.