საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან თავი შეიკავოს.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით იმოქმედებენ.
"პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია და არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან. ძალიან კარგი იქნება, თუკი ის თავშეკავებას გამოიჩენს ამ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში – არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგან“, _ განაცხადა ეკა მიშველაძემ და დასძინა, რომ "ძალიან სამწუხაროა, საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობების შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს ფარული ჩანაწერების გამოყენება-გავრცელება სჭირდებათ".
მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, კომპეტენტური გამოძიება აწარმოონ როგორც დღეს გავრცელებულ, ასევე სხვა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და ყველა კითხვას გასცენ პასუხი, რაც ამ თემაზე საზოგადოებაში არსებობს.
ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.