წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ თბილისში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის, წინასაარჩევნო მასალების გამოქვეყნება-დაზიანებაზე 132 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი; აქედან, სამი 1000-ლარიან, ხოლო დანარჩენი 129 ოქმი 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
პოლიტიკური პარტიების ნაწილის წარმომადგენელთა თქმით, ჯარიმები უკანონოა და მათ გადახდას არ აპირებენ, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო მათ ჯარიმის გადახდას დააკისრებს, გადაიხდიან.
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ "გურია ნიუსის" მოთხოვნის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი სამართალდარღვევის ოქმი, სულ 33, "ნაციონალურ მოძრაობას" შეუდგინეს, რომელიც 50-ლარიან ჯარიმებს ითვალისწინებს.
ასევე, წინასაარჩევნო მასალების გამოქვეყნება-დაზიანებაზე, 2016 წლის 26 სექტემბერის მდგომარეობით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ოქმები გამოწერილია შემდეგი პარტიების მიმართ:
პარტია "ჯონდი ბაღათურია ქართული დასი" (2 ჯარიმა, 50-ლარიანი, ჯამში 100 ლარი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ემუხლის I ნაწილის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) შესაბამისად;
პარტია"უსუფაშვილი-რესპუბლიკელები" – 11 ოქმი, ჯარიმა- 50 ლარი, ჯამში 550 ლარი;
პარტია"ჩვენი-სახალხო პარტია" – 4 ოქმი, ჯარიმა- 50 ლარი, ჯამში 200 ლარი;
პარტია"ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები" – 17 ოქმი, ჯარიმა- 50 ლარი, ჯამში 850 ლარი;
პარტია "ქართული იდეა" -ს მიმართ შედგა სულ 4 ოქმი, მათ შორის – ერთი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის I ნაწილი ს თანახმად, რაც წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლას და ჩამორთმევას, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევას ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ჯარიმა 1000 ლარია.
ამავე პარტიას 3 სამართალდარღვევის ოქმი აქვს შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, რაც 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ჯამში კი პარტიას 1150 ლარი ექნება გადასახდელი.
პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" – ს მიმართ შედგა 10 ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად; ჯარიმა- 50 ლარი, ჯამში 500 ლარი;
პარტია"ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" -11 ოქმი, ჯარიმა- 50 ლარი ჯამში 550 ლარი;
პარტია "დავით თარხან-მოურავი, ირმა იანაშვილი-საქართველოს პარტნიორთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია" – ს მიმართ სულ შედგა 20 ოქმი, მათ შორის 2 ოქმი საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის I ნაწილის თანახმად (ჯარიმა – 1000 ლარი), ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ემუხლის I ნაწილის შესაბამისად – 18 ოქმი (ჯარიმა- 50 ლარი); ჯამში პარტიას 2900 ლარის გადახდა მოუწევს;
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – ს მიმართ შედგა 33 ოქმი, ჯარიმა 50 ლარი; ჯამში 1650 ლარი.
პარტია "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის"-ს მიმართ შედგა 22 ოქმი, ყველას საჯარიმო თანხა 50 ლარია, ჯამში 1100 ლარი.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებულ საკითხებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-38 დადგენილება აწესრიგებს. დადგენილებაში კონკრეტულადაა მითითებული სად შეიძლება სააგიტაციო მასალების განთავსება და სად არა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში პარტიების აქტივისტების მიერ ეს წესები უგულვებელყოფილია.
პარტიების ნაწილს მიაჩნია, რომ მათთვის დაკისრებული ჯარიმები უკანონოა და გადახდას არ აპირებენ. ნაწილი აცხადებს, რომ თუ ჯარიმის კანონიერებას სასამართლო დაადასტურებს, გადაიხდიან.
"ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურში პარტიის აქტივისტების მიერ პლაკატების არასწორად გაკვრას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ჯარიმა კანონიერია.
"პარტიის აქტივისტებმა არ იცოდნენ კონკრეტულ ადგილებზე პლაკატების გაკვრა უ არ შეიძლებოდა. ამისთვის გვაქვს ჯარიმები გამოწერილი. ჩვენი აქტივისტების მხრიდან სხვა პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. რა თქმა უნდა ვაპირებთ ეს ჯარიმები გადავიხადოთ", _ აღნიშნავენ პარტიაში.
თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვთ "პატრიოტთა ალიანსში", სადაც "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ თუ სასამართლო მათ ჯარიმების გადახდას დააკისრებს, გაასაჩივრებენ.
"ჯერჯერობით მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებია შედგენილი.თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ამ სამარათალდარღვევათა ოქმებს და დაგვაჯარიმებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ", _ გვითხრეს პარტიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, მათთვის გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე მეტი სამართალდარღვევის ოქმი მათი პარტიის მიმართ შეადგინეს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას პარტიის წევრი თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური მათ უკანონოდ უწერს სამართალდარღვევის ოქმებს, პარტიის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები კი დღემდე გამოუძიებელია.
"ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით არცერთი სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრებული არ გვაქვს, თუმცა ვაპირებთ გასაჩივრებას. არ მიკვირს რომ ყველაზე მეტი ჯარიმა გამოგვიწერა თბილისის მერიამ, რადგან ეს არის იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიმდინარეობს. მერიას და სხვა მუნიციპალიტეტებს არ აინტერესებთ და ჯარიმებსაც არ წერენ, მაშინ, როდესაც ჩვენი პლაკატები და ბილბორდები ზიანდება.
მაგალითად, რუსთავში ჩვენი კანდიდატის ბილბორდს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს და დღემდე გამოუძიებელია. ლევან ბეჟაშვილისა და ოთარ სირაძის ბილბორდები დაწვეს და რამდენიმე ბილბორდი მოიპარეს კიდეც. ვიდეო გვაქვს, სადაც მუნიციპალიტეტის მანქანა ხსნის ამ ბილბორდებს. ბევრი მაგალითი გვაქვს, როდესაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ახორციელებენ დემონტაჟს. ასევე სუს–ის დაშინების შედეგად, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ვერ განთავსდა მისი ბილბორდები. ელენე ხორშატრიას ბილბორდი დაზიანდა საღებავით, ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს; სევდია უგრეხელიძის ბილბორდს თავი ამოჭრეს და ა.შ.
მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ამ ბილბორდების დამზადება. რიგ შემთხვევები იკვეთება არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა გამოძიება მუნიციპალიტეტს ეხება თუ პროკურატურას, რეაგირებას არ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ინფორმირებას მუდმივად ვახდენთ, მათ შორის უწყებათაშორისი კომისიის მეშვეობითაც", _ აღნიშნავს ბოკუჩავა და დასძენს, რომ "ეს არის არათანმიმდევრული მიდგომა, ისინი მოქმედებენ პირდაპირ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე".
ბოკუჩავა განმარტავს, რომ არცერთი ბილბორდი, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა აკრძალულ ადგილზე განთავსებული არ იყო.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ კერძო კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ ადგილების ჩამონათვალი, სად შეუძლიათ ბილბორდების განთავსება. მნიშვნელოვანია ის, რომ იქ, სადაც ოთარ სირაძის ბანერი მოიპარეს, იმ ადგილზე "ქართული ოცნების" კანდიდატის ბილბორდი განათავსეს. ასევე, თბილისში, ჩუღურეთის რაიონის კანდიდატის ირაკლი ჩოლოყაშვილის პოსტერებს როცა აკრავდნენ და მერიამ იერსახის დამახინჯებისთვის 50-ლარიანი ჯარიმა გამოწერა, "ქართული ოცნების" კანდიდატის პოსტერებიც იყო გაკრული და ის არ დაუჯარიმებიათ. ხელისუფლება არათანაბარ პირობებში აყენებს "ნაციონალურ მოძრაობას" და მეორე მხრივ "ქართული ოცნების" კანდიდატებს, რომლებსაც არც აჯარიმებენ და არც სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევენ. მე არ ვიცნობ არცერთ ფაქტს, როდესაც "ქართული ოცნების" კანდიდატის ბილბორდს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს, ან დაწვეს, ან მუნიციპალიტეტის მანქანამ მოიპარა ეს ბილბორდი. აქ საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე და რომ იყოს პროკურატურის პოლიტიკური ნება, ცხადია გამოიძიებდნენ და დამნაშავესაც დასჯიდნენ", _ აღნიშნავს ბოკუჩავა და დასძენს, რომ "ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელებული ქმედებები რამენაირად მოხდეს ჩვენი შევიწროვება".
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და ყველაზე დიდი ზარალი მათ პარტიას მიადგა.
"ჩვენ გვაქვს აღრიცხული ათეულობით ფაქტი, რაც წარდგენილი გვაქვს უწყებათაშორისი კომისიისთვის. თუ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინა ჩვენი სააგიტაციო მასალის დაზიანებამ, დამატებით ზომებს აუცილებლად მივიღებთ. გარდა იმისა, რომ გვაქვს პლაკატების ჩამოხევის შემთხვევები, ასევე იკვეთება, რომ ორგანიზებულ ხასიათს ატარებს სააგიტაციო მასალების დაზიანება. არის შემთხვევები, როდესაც სხვა საარჩევნო სუბიექტების მიმართაც ხორციელდება იგივე ქმედება, ამიტომ გვაქვს გაცემული ძალიან მკაცრი და მკაფიო რეკომენდაციები ჩვენი აქტივისტების მიმართ, რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი დარღვევა არ უნდა განხორციელდეს ჩვენი მხრიდან. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია", _ აღნიშნავს კობახიძე.
მისივე თქმით, რა ზარალი მიადგა პარტიას ზუსტად დათვლილი არ არის.
"ზარალი დათვლილი არ გვაქვს, თუმცა ზოგადად გითხრათ, რომ საუბარია ათასობით პლაკატზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე დაზიანებულია სხვა სააგიტაციო მასალებიც. გვქონდა არაერთხელ ამ საკითხის განხილვა უწყებათაშორის კომისიაში და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მიმართ გაცილებით ფართო მასშტაბს ატარებს სააგიტაციო მასალების დაზიანება, ვიდრე სხვა საარჩევნო სუბიექტების მიმართ. იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური კულტურა იმ დონემდე მივა საქართველოში, რომ ასეთი პრეცედენტები მინიმუმამადე იქნება დაყვანილი საარჩევნო პროცესში", _ აღნიშნავს კობახიძე და დასძენს, რომ თუ სასამართლო მათ ამ ჯარიმების გადახდას დააკისრებს, პარტია მზად არის გადაიხადოს.
"გურია ნიუსი" კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების" და ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" პარტიის პრესსამსახურებსაც, თუმცა დაპირების მიუხედავად მათ ჩვენთვის პარტიის პოზიცია აღნიშნულ სამართალდარღვევათა ოქმებზე არ მოუწოდებიათ.
სააგიტაციო მასალების დაზიანებისა და არასწორად განთავსების გამოვლენის მექანიზმის არაეფექტურობაზე საუბრობენ იურისტები.
როგორც საია-ს საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, იურისტი ირმა პავლიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, "კონკრეტული პირის დადგენა, თუ ვინ ჩაიდინა ეს სამართალდარღვევა რთულია, რის გამოც ადმინისტრაციული ოქმის შედგენაც ვერ ხერხდება".
"ამასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია გამოსცა უწყებათაშორისმა კომისიამ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა პატივი სცენ ერთმანეთს და არ დააზიანონ ერთმანეთის სააგიტაციო მასალები. ასევე, დაიცვან საკრებულოს დადგენილებით გათვალისწინებული წესი, რომელიც პლაკატის გაკვრის ზომას და რაოდენობას ითვალისწინებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებზე პრობლემად გამოიკვეთა, რომ ყველაზე ხშირად სააგიტაციო მასალებს აზიანებენ", _ აღნიშნავს პავლიაშვილი.
იურისტი ამბობს, რომ საჭიროა საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომ საკითხი მკაფიოდ და ზუსტად დარეგულირდეს.
"ვფიქრობ, დამატებით რეგულაციებს საჭიროებს საარჩევნო კოდექსი. ახლა ვართ შესწავლის ეტაპზე, რამდენად ერთგვაროვანია იმ მუხლების განმარტება, რომელიც სააგიტაციო მასალის განთავსებას ან მათ დაზიანებას ეხება. ესმით თუ არა თვითმმართველობებს მათი უფლებების შესახებ ამ მიმართულებით და რამდენად არის უზრუნველყოფილი მათ მიერ დამატებითი სტენდების დადგმა მასალების გასაკრავად. არის თუ არა სამართლიანი გარემო ყველა სუბიექტისთვის შექმნილი. ახორციელებს თუ არა ზედამხედველობა ეფექტურ კონტროლს, რომ უზრუნველყოს სააგიტაციო მასალების დაცვა დაზიანებისგან, ან ადგენს თუ არა სამართალდარღვევას დროულად და ეფექტურად?! რამდენჯერაც ჩვენ მივმართეთ სააგიტაციო მასალების დაზიანებაზე თვითმმართველობებს, პასუხი ყოველთვის იყო ის, რომ მათ ვერ დაადგინეს შესაბამისი პირი, ვინც ეს სამართალდარღვევა ჩაიდინა. აქედან გამომდინარე ოქმი ვერ შეადგინეს", _ აღნიშნავს პავლიაშვილი.
ამავე თემაზე:
"პლაკატების ომი" და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელიც "ვერ ხედავს და არ იცის რა გააკეთოს"
"რას შვრება სახელმწიფო, რომელიც ვალდებულიცაა და გარანტიც, რომ არჩევნები ჩაატაროს კანონიერად"