ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე ყავის გავლენას შეისწავლის, მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა – ყავას C ჰეპატიტის მქონე ავადმყოფების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. თურმე დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავა ანელებს პათოლოგიური ცვლილებების და მასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების განვითარებას.
ოთხწლიანი კვლევის მანძილზე მეცნიერები აკვირდებოდნენ 766 პაციენტს, რომელთაც ჰქონდათ C ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები და მათზე ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატები არ მოქმედებდა. ავადმყოფები დაყოფილნი იყვნენ, ჯგუფებად, იმის მიხედვით, თუ რამდენ ფინჯან ყავას მიირთმევდნენ ყოველდღიურად. ყურადღება ექცეოდა ჩაის მიღებასაც.
კვლევის შედეგებმა უჩვენა, რომ ყავისადმი გულგრილ მონაწილეებთან შედარებით, მათ ვინც ყოველდღიურად სამ ან უფრო მეტ ფინჯან ყავას მიირთმევდა, მდგომარეობის გაუარესების 47%-ით ნაკლები რისკი აღენიშნებოდა. უნდა ითქვას, რომ ჩაის მოხმარება არანაირად არ მოქმედებდა დაავადებით გამოწვეული პათოგენური პროცესების განვითარებაზე.