საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ ინტელიგენციას მოუწოდებს, გამოვიდნენ და გააკეთონ შეფასებები ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
"მინდა, შევახსენო ჩვენი ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ვინც ძალიან მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ "რუსთავი 2"-ის პროცესზე. სასამართლოში ორი დაზარალებული მესაკუთრე დავობდა და როგორ იცავდნენ "რუსთავი 2"-ს როგორც თავისუფალი სიტყვის ეტალონს, ჭეშმარიტების ბოლო საფეხურს. მოცეკვავეები მიდიოდნენ ძალიან ცნობილი, მწერლები თუ სხვა ხელოვნების მოღვაწეები, გამოვიდნენ ახლა”, _ განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ტელეკომპანია "რეუსთავი 2"-ს საკუთარი გამონათქვამების დამახინჯებაში დასდო ბრალი.
"ამას ჰქვია თაღლითობა. ამაზე ჩვეულებრივ შემთხვევაში სასამართლოზე მუხლიც კია, მაგრამ ჟურნალისტებს ხომ არ გამოვეკიდებით. უნდა არსებობდეს "რუსთავი 2"-ის მსგავსი მედია, მე არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ზოგიერთ პოლიტიკოსი და ინტელიგენციის წარმომადგენელი სხვა აქცენტებს აკეთებდა. ხომ მარტივი გასაგებია, როგორ ცრუობს "რუსთავი 2". ვინ არის დირექტორი ამ ტელევიზიის. გამოვიდნენ და გააკრიტიკონ, ერთხელ მაინც თქვან, მათ რცხვენიათ, რომ ამ ტელევიზიას იცავდნენ”, _ აღნიშნა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზეც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ "ამაზრზენია, როგორი გონორით ესაუბრება ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს".
ივანიშვილის თქმით, დღეს გვარამია იმ ადამიანებს ლანძღავს, ვინც აღარ ემორჩილება.
"ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ, როგორ ესაუბრება გვარამია, ტელევიზიის დირექტორს, როგორ ესაუბრება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და ამისი შემდგომ, მათი დამოკიდებულება სასამართლოსადმი, მათი განცხადებები, ყველაფერი ფარსია. რა დღეში ყავდათ სასამართლო, დღეს ვისაც ესენი აგინებენ, აღარ ემორჩილებიან. მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათგან და სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ ახალი ხელისუფლება არ ერევა მათ საქმეებში. საქართველოს მთავრობა სასამართლოს საქმეებში არ ერევა. ბევრმა მოსამართლემ თავი დააღწია მათ და ნახეთ, გვარამიას ლანძღვა. ნახეთ როგორ ესაუბრება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს. მარტო გონორი დაიჭირეთ, შემდეგ ბურჭულაძე გაიხსენეთ", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.