გასულ ხუთშაბათს, "გურია ნიუსის" ყოველდღიური გადაცემის _ "ა’რჩევანი", სტუმარი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ჩხაიძე იყო, რომელთან ერთადაც ეთერში "ქართული ოცნების" კანდიდატი, ნინო წილოსანი უნდა ყოფილიყო, თუმცა "ქართული ოცნების" რჩეულმა დებატებზე ამჯერადაც უარი თქვა და მიზეზად მოსახლეობასთან შეხვედრების აუცილებლობა დაასახელა.
_ გურიაში ბევრი პრობლემაა, რომელიც საჭიროებს პარლამენტიდან და მთავრობიდან დროულად გადაჭრას. ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზიც მათი მოგვარებაა. ბევრი კანონია შესაცვლელი, რომელიც, ვფიქრობ, იმ ადამიანების დაწერილია, რომლებიც მე-10, მე-11 სართულზე ცხოვრობენ და არ იციან სოფლის, რაიონის პრობლემების შესახებ. ვფიქრობ, ამის გადაწყვეტას შევძლებ, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას აკაკი ჩხაიძემ, რომლის თქმით, პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მიზეზი გურიის განსაკუთრებული სიყვარულია.
_ ბატონო აკაკი, თქვენ ხართ დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი… გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გარეშე როგორ აპირებთ მარტომ მოახერხოთ იმ პრობლემების გადაჭრა, რომელზეც საუბრობთ?
_ მართალია, დამოუკიდებლად გადავწყვიტე კენჭისყრა, თუმცა, არ ვაპირებ პარლამენტში მარტო შესვლას _ ჩემ გარდა, იქ იქნებიან ჩემი მეგობრები, ახლობლები, რომლებიც არიან სხვადასხვა დარგის პროფესიონალები და ბევრი რამ აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის. მათ აქვთ გამოცდილება და ჩვენ ერთად შევეცდებით გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტებს და სოფლებს აწუხებთ.
_ ვის გულისხმობთ _ სხვა დამოუკიდებელს კანდიდატებს თუ "ქართული ოცნების" დეპუტატებს?
_ დამოუკიდებლებსაც და პარტიების წარმომადგენლებსაც, რომლებთანაც მაქვს გარკვეული თანამშრომლობა.
_ თავიდანვე განაცხადეთ, რომ "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ… მათთან გაქვთ მოლაპარაკებები?
_ მოლაპარაკებები არც მქონია და არც ახლა მაქვს…
_ თუმცა, საპირისპირო ხმები ვრცელდება…
_ მაგ ხმების შესახებ მეც მესმის. იმასაც ამბობენ, რომ თითქოს ასეთ განცხადებებს შეხვედრებზე ვაკეთებ, თან ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ვარ. ეს აბსურდია. ყველა ჩვენს შეხვედრას, ჩემს საუბარს ვაფიქსირებთ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ვიდეოკადრების ნახვა. არასოდეს მისარგებლია ბატონი ბიძინას სახელით. რაც შეეხება ნაცნობობას _ მე მას ვიცნობ, როგორც ქველმოქმედ, საქმის გამკეთებელ ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ქვეყნის გადარჩენისთვის მე ვითანამშრომლებ ყველა იმ ძალასთან, რომელიც საქმეს გააკეთებს _ ვგულისხმობ ყველა პარტიის წარმომადგენელს.
_ მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთანაც?
_ ყველასთან, რომელიც საქმეს გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი იყო სასტიკი და მიუღებელი, მათ საქმეების გაკეთებაც შეძლეს _ თუნდაც გზების და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. მე ვითანამშრომლებ ჭკვიან ხალხთან, ადამიანებთან, რომლებიც სოფლისთვის რამეს გააკეთებენ. მე ვარ დოქტორი, აკადემიკოსი ტრანსპორტის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ინჟინერი ვარ, კარგად მესმის სოფლის მეურნეობაც. სოფელში გავიზარდე და ჩემზე უკეთ სოფლის პრობლემები არავინ იცის და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია, _ აღნიშნა აკაკი ჩხაიძემ.
მისივე თქმით, "მოსახლეობამ არჩევანი ვიღაცის ბიძაშვილ-მამიდაშვილობით არ უნდა გააკეთოს":
_ არჩევანი იმიტომ ჰქვია, რომ ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალა და საქმის კეთების რესურსი; ადამიანი, რომელსაც ყველასთან მისვლა შეეძლება. მიმაჩნია, რომ ვიღაცის ბიძაშვილობით და ნათესაობით გამოუცდელ ადამიანს ხმა არ უნდა მისცენ.
გურიაში ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რომელსაც ჭკვიანი ადამიანი შეძლებს. ჩვენ მდიდრები ვიქნებით მაშინ, როცა იმუშავებს ქარხნები, დასაქმდებიან ადამიანები. გურიას აქვს რესურსი, აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რომელიც უცხოურ ბაზარზე ძალიან ძვირი ღირს.
არ მგონია, ისეთ რთულ მდგომარეობაში, როგორიც გურიაა, სხვა რეგიონებიც იყო საქართველოში. როდესაც შეხვედრებზე დავდივარ, მეუბნებიან, რომ იქ არც გამგებელი ყოფილა და არც დეპუტატი. არ ვიცი, ეს მართალია თუ არა, მაგრამ ასე მეუბნებიან. ამას მიხედვა უნდა. ამიტომ, უნდა ავირჩიოთ ის ადამიანი, რომელიც ამ პრობლემებს გადაწყვეტს.
მაგალითისთვის, ბახმარო ავიღოთ თავისი უნიკალური ბუნებით _ ეს კურორტი რომ უცხოელებმა ნახონ, დამერწმუნეთ, რომ დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ. მე მყავს მეგობრები და პარტნიორები უცხოეთში, მაქვს მათთან მოლაპარაკებები და შემიძლია, არჩევის შემთხვევაში, ბევრი რამ გავუკეთო მთელ გურიას.
_ როდესაც რკინიგზის ხელმძღვანელი იყავით, მაშინ რატომ არ ჩამოიყვანეთ ინვესტორები?
_ 24 საათიდან 18-17 საათს ვმუშაობდი დღეში. პარალელურად, კათედრის გამგე ვიყავი ტექნიკურ უნივერსიტეტში. სულ ვშრომობდი. ბევრმა არ იცის, რომ 1995 წელს ჩავიბარე დანგრეული რკინიგზა და იმდენი შევძელი, რომ ჩვენ ვიყავით ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელები, _ აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ის გახლდათ "მოქალაქეთა კავშირის" და ედუარდ შევარდნაძის მთავარი დამფინანსებელი, სიმართლეს არ შეესაბამება. დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ შევარდნაძე ძალიან მაღალი დონის პოლიტიკოსი იყო და ძალიან რთულ მდგომარეობაში მან ქვეყნისთვის ბევრი რამის გაკეთება შეძლო.
გადაცემაში სტუმრობისას აკაკი ჩხაიძემ ოპონენტების მიერ გავრცელებულ ბრალდებებზეც ისაუბრა _ გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი ჩხაიძე საკუთარ დასაც არ ეხმარება, რის გამოც ნანული ჩხაიძეს ლანჩხუთის უფასო სასადილოში იკვებება და შესაბამისად, ასეთი კანდიდატის დაპირებები არარეალურია:
_ ეს არის მტკნარი სიცრუე და შეგიძლიათ დეტალები ჩემს დასთან გადაამოწმოთ. არ ვაპირებ იმის აფიშირებას, თუ როგორ და რამდენით ვეხმარები მას. იგი აცანაში ცხოვრობს, სადაც ჩემი "მეგობარი" ოპონენტები, რომლებიც ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობენ კამპანიის წარმართვას.
გადაცემაში სარეკლამო პაუზის დროს, "გურია ნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია აკაკი ჩხაიძის დასთან, სატელეფონო ჩართვით გადაამოწმა _ ნანული ჩხაიძემ გავრცელებული ხმები უარყო და აღნიშნა, რომ აკაკი ჩხაიძემ მისი შვილი სიკვდილისგანაც კი იხსნა:
_ არ ვიცი, ვინ ავრცელებს ასეთ ხმებს და რა უნდათ ჩემს ძმასთან, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და მეხმარება. მე მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელიც აკაკიმ გადამირჩინა და სამკურნალოდ მთელი ქვეყანა მოატარა. მე თვითონ ავადმყოფი ქალი ვარ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს. საჭმლის მომზადებაც არ შემიძლია. სად დავდივარ და რატომ, ეს არავის საქმე არ არის. ან, თუ უფასო სასადილოში დავდივარ, ამასთან ჩემი ძმა რა შუაშია? სახელმწიფო რომ ჩემს შვილს რამეს აძლევს და მე ამას ვიღებ, დანაშაულია?! _ აღნიშნა სატელეფონო ჩართვისას ნანული ჩხაიძემ.
არასწორი აღმოჩნდა ოპონენტების კიდევ ერთი ბრალდება, რომლის თანახმადაც, აკაკი ჩხაიძემ 2013 წელს ნინო ბურჯანაძის პარტია 15 000 ლარით დააფინანსა. ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ბურჯანაძის დამფინანსებელი სულ სხვა აკაკი ჩხაიძეა:
_ ბევრი სიბინძურის გავრცელებას ცდილობენ და ეს ძალიან ცუდია. არ მიმაჩნია სწორად ეს მეთოდები. ეს არაფერში არ ჯდება. ვინ რა უნდა ისაუბროს ჩემთან მიმართებაში?! მე რაიონისთვისაც ვაკეთებდი საქმეებს და რაც შემეძლო, ყველას ვეხმარებოდი. თემურ ჭკუასელს ის არ უკადრებია, რასაც ახლა კადრულობენ. ჩემს მხარდაჭერებზე მიდის ზეწოლები, ავრცელებენ ჭორებს. იმასაც ამბობენ, რომ წილოსანის სასარგებლოდ კანდიდატურას მოვხსნი _ ეს აბსურდია, მე მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ვმეგობრობდი მამამისთან, რომელსაც დავეხმარე, რომ ქარხნის პრივატიზება მოეხდინა _ ვთხოვე ეს პრეზიდენტს. შემდეგ ნინო წილოსანი ჩემი შვილიშვილის ნათლია გახდა. მე მასზე ცუდს არაფერს ვიტყვი _ მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მან ბევრი უნდა ისწავლოს, უკეთესი განათლება მიიღოს. ოღონდ არა ისეთი, რომელიც ბიოგრაფიაში სიტყვიერად ჩაიწერება და ვიღაცის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ტყუილია. თუ წილოსანი გამოვა, წარმოადგენს დიპლომს, რომ მან საზღვარგარეთ ნამდვილად მიიღო განათლება, მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს _ ვგულისხმობ ნამდვილ დიპლომს, რომელიც დაადასტურებს, რომ მან მიიღო განათლება უცხოურ უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ვსაუბრობ დიპლომზე და არა სერტიფიკატებზე, რომლის აღება დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, _ აღნიშნა ჩხაიძემ გადაცემაში სტუმრობისას.
დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მოსახლეობას პირდება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ბევრ პროექტს განახორციელებს, რომელიც დასაქმებაზე იქნება გათვლილი და მეგობრების და კავშირების დახმარებით აქტიურად ჩაერთვება საგანმანათლებო საქმიანობაში, რაც წარმატებული მოსწავლეების საზღვარგარეთ სწავლაში ხელშეწყობას გულისხმობს.