პარლამენტის წევრების ქცევის წესები, შესაძლოა, სპეციალური ეთიკის კოდექსით დარეგულირდეს. პარლამენტს განსახილველად წარედგინა დადგენილების პროექტი სახელწოდებით _ ”საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსი”. პროექტის ინიციატორები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მისი კოლეგები გუგული მაღრაძე, თედო ჯაფარიძე, სერგო ხაბულიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, თამაზ ყაჭეიშვილი, თამარ კორძაია, სოსო დანელია, დავით ბერძენიშვილი და ბიძინა გუჯაბიძე.
დღეისათვის არ მოქმედებს რაიმე ნორმატული დოკუმენტი, რომელიც პარლამენტარის ქცევის ეთიკურ ნორმებს განსაზღვრავs, სწორედ, ეს გახდა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის მიღების მიზეზი, _ აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
”საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არც თუ იშვიათია პარლამენტარების მიერ ქცევის ნორმების დარღვევა. პარლამენტის წევრი წარმოადგენს საზოგადოებაში ყველაზე უფრო საჯარო პიროვნებას და მისი ქცევა უნდა შეესაბამებოდეს მაღალ ეთიკურ ნორმებს. დღემდე არსებული ერთეული მცდელობები პარლამენტარის ქცევის კოდექსის შესაქმნელად არ იყო ეფექტური, იგი არ იყო შემუშავებული თვით პარლამენტის წევრების მიერ, იყო დეკლარაციული ხასიათის, არ იყო სავალდებულო და არ იყო დადგენილი შესაბამისი სანქციები კოდექსის დარღვევისათვის”, _ აცხადებენ პროექტის ავტორები.