ბოლო რამდენიმე დღეა, ლანჩხუთის მოსახლეობა მძაფრსუნიანი მწერების მომრავლებამ შეაწუხა. როგორც მოსახლეობა ამბობს, დღის განმავლობაში, დათბობისთანავე მწერები აქტიურდებიან და ოთახებში იწყებენ შემოსვლას. პრობლემამ პირველად თავი გასულ წელს იჩინა, თუმცა, წელს მავნებლების რაოდენობა საკმაოდ მოჭარბებულია.
„გაუსაძლისი ხდება მდგომარეობა, ოთახში შესვლაც კი შეგეზარება, ისეთ დღეში ვართ. მაგიდაზე შიშით საჭმელს ვერ დადებ. ყველგან ნახავთ, საწოლშიც კი ძვრებიან. ცდილობენ, თბილ ადგილი მონახონ გამოსაზამთრებლად. თან ძალიან არასასიამოვნო სუნი აქვთ“, _ ამბობს მავნებლების მომრავლებით შეწუხებული მოსახლეობა.
სპეციალისტების განმარტებით, ის, რაც მოსახლეობას სიმშვიდეს ურღვევს, გახლავთ სუნიანი მავნებელი ცილიჭამია, რომელიც გამოსაზამთრებლად სახლებში შედის. ამიტომაც, მათი რჩევით, შუადღის საათებში მოსახლეობა უნდა მოერიდოს სახლის კარებისა და ფანჯრების გაღებას.
„ცილიჭამია ტკბილ ნაყოფს ეტანება, თუმცა, არ იწვევს მცენარის დაზიანებას. თუ მავნებელი ოთახში არაა შესული, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის ინსექტიციდები, რომლის შეძენაც თავისუფლად არის შესაძლებელი შხამ-ქიმიკატების მაღაზიაში“, _ ამბობენ სპეციალისტები და განმარტავენ, რომ შესაწამლი პრეპარატის გამოყენება საცხოვრებელ სახლში მიზანშეწონილი არაა. მათი რჩევით, ოთახებში მავნებლები მტვერსასრუტით ან ცოცხით უნდა ჩამოიხვეტოს და ისე განადგურდეს.