საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი პლენუმის სხდომა დღეს ქვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა. შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხიც ვერ დადგა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა.
მათივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე თავმჯდომარეობის კანდიდატურებიც არ დასახელებულა.
"2016 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხზე. ასევე, მათ შორის გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა ნაწილმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა. შეხვედრაზე თავმჯდომარის კანდიდატურა/კანდიდატურები არ დასახელებულა", _ აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
საკითხის ფორსირებულ რეჟიმში განხილვას არ ეთანხმებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვის პროცესი ცოტათი შეჩერდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად გამართლებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნული მოსამართლეები – ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე განახლებული პლენუმის პირველ სხდომაზე არ მივიდნენ, გიგაურის თქმით, ზოგადად ფორსირებულ ვითარებაში აღნიშნული სხდომის დანიშვნა არასწორი იყო.
„ეს არასწორი იყო, განსაკუთრებით ახლად დანიშნულ მოსამართლეებს უნდა ჰქონოდათ დრო იმისთვის, რომ მოეფიქრებინათ, თუ ვინ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კანონით მათ აქვთ უფლება მეტი დრო ჰქონდეთ იმისთვის, რომ დაასახელონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კარგია, რომ ზოგადად ეს პროცესი შეჩერდა. კიდევ ერთი წევრი უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამრთლოში პარლამენტის მხრიდან და ფორმისებულად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა არ უნდა მოხდეს. ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს“, _ განაცხადა ეკა გიგაურმა.
მსგავსი მოსაზრება აქვს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილსაც.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდეს ფორსირებულ რეჟიმში. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მისასალმებელია თუ პლენუმი ამ საკითხზე დაჩქარებულ რეჟიმში არ იმსჯელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდეს ფორსირებულ რეჟიმში რისი მცდელობებიც გარკვეულწილად არსებობდა. ნამდვილად მისასალმებელია თუ პლენუმი ასე დაჩქარებულ რეჟიმში აღარ იმსჯელებს. თავად კანონი განსაზღვრავს ორკვირიან ვადას, როდესაც მოსამართლეს აქვს საშუალება დაასახელოს კანდიდატი. როდესაც ხდება უფლების მინიჭება და ამისთვის დაწესებულია ორკვირიანი ვადა, ნამდვილად არ იქნება სწორი ეს უფლება შეიკვეცოს და ფორსირებულად მოხდეს კანდიდატების დასახელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს ისე, რომ არ დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს ეს გადაწყვეტილება მიღებულია სადღაც სხვაგან. მაქსიმალურად ღია და გასაგები უნდა იყოს პროცესი”, _ განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დგას.
"აუცილებელია, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული დაწყებული სასამართლოს თავმჯდომარის არჩევით, დამთავრებული სხვა, თუნდაც პროცედურული გადაწყვეტილებების მიღებით, მიმართული იყოს იქეთკენ, რომ აღარ გაღრმავდეს სასამართლოს შიგნით ჯგუფებად დაყოფა, სასამართლოს იმიჯთან დაკავშირებით საზოგადოებაში აღარ იყოს კითხვის ნიშნები და სასამართლომ შეძლოს თავი დაიმკვიდროს როგორც სანდო და ეფექტურმა მცველმა ამ ქვეყნის კონსტიტუციის”, _ აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იურისტების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით თავმჯდომარის არჩევას "სახელმწიფო გადატრიალების" ტოლფასად მიიჩნევენ.
როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკური პროცესებმა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. "სახელმწიფო გადატრიალება", "სპეცოპერაცია", "პოლიტიკური კონტროლის მოპოვების მცდელობა", "კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში", _ ასე შეაფასა ალაფიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები.
ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განახლებული შემადგენლობის პირველი საორგანიზაციო სხდომა უნდა გამართულიყო. თუმცა ქვორუმი ვერ შედგა. ახლად დანიშნული მოსამართლეები ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ასევე მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში არ მივიდნენ. შესაბამისად, კვორუმოს 6 კაციანი შემადგენლობა არ დაფიქსირდა და დღეს ჩანიშნული პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა ჩაიშალა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატები, ხოლო არა უგვიანეს ერთი თვისა უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ვადა 14 ოქტომბერს იწურება.
ახალი წესის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, ხოლო პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრის მხარდაჭერაა საჭირო რომ თავმჯდომარედ დაინიშნოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე ზაზა თავაძე მოიაზრება; ასევე არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ირინე იმერლიშვილმაც.
ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის, მისი ორი მოადგილისა და მდივნის თანამდებობებია თავისუფალი.