საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
დავით უსუფაშვილმა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისა და გაწეული საქმიანობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზეც. მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო და დღეს არსებული ვითარება მიმოხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს IRI-სთან და NDI-სთან ერთად, ეუთოს, ევროსაბჭოს და სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.
„გვქონდა შეხვედრა ორ ძალიან მნიშვნელოვან სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან – NDI, IRI, ორი ამერიკული ორგანიზაცია, მოგეხსენებათ,არიან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საარჩევნო პროცესებში. საქართველოში ჩამოსულნი არიან ძალიან მაღალი დონის დელეგაციებით ორივე, ხელმძღვანელები, ევროპელი პოლიტიკოსები ჰყავთ დელეგაციაში და როგორც ყოველთვის, აპირებენ, დადონ ძალიან პირუთვნელი დასკვნა იმის თაობაზე, რასაც ნახავენ საარჩევნო პროცესებში.
ჩვენ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც იყო 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში არჩევნებამდე, თუმცა ისიც შეშფოთებით აღინიშნა, რომ ბოლო ხანებში გახშირებული მოვლენები და ძალიან მძიმე შემთხვევები ძალადობის საფრთხეს ქმნის,რომელიც თავიდან უნდა იქნას აცილებული. მე დარწმუნებული ვარ, მათი აქ ყოფნა და ძალიან ბევრი სხვა დამკვირვებლის ეუთოდან, ევროსაბჭოდან,ბევრი სხვა პარლამენტებიდან მე პირადად, 30-მდე პარლამენტის თავმჯდომარეს მივწერე თხოვნით, რომ გამოეგზავნა დამკვირვებლები.
მათი უმრავლესობა გამოგვეხმაურა და ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტიც გააციებს იმ ცხელ თავებს, რომლებიც რაღაც სხვა გზებით და საშუალებებით აპირებენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას. ეს იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობები თუ ამ ასაფეთქებელი მოწყობილობების თაობაზე შემდგომ საუბრები. ეს იქნება პირდაპირი ძალადობა თუ პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ამომრჩეველზე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ მათი თავისუფალი არჩევანი იქნება გარანტირებული, მათ შორის დამკვირვებლების აქ ყოფნის გამო, თქვენით იქნება გარანტირებული, იმიტომ, რომ თქვენ არ მოგვცემთ საშუალებას, რამე სისულელე ჩავიდინოთ ამ დარჩენილ დღეებში და თავად მოქალაქეებმაც, ყველამ 8 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი მომავლის თაობაზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი უცხოელი კოლეგების აქ ყოფნაც დღეს", _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.