სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი ხვალ 08:00 საათიდან ამოქმედდება.
ასევე, მათი განმარტებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იქნებიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ უბნებზე. სულ განსაზღვრულია 11 საარჩევნო უბანზე მიმაგრება.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანზე ხმას მისცემენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში.
უწყების ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები.
„გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი) იხსნება.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სააგიტაციო მასალების განთავსების წესის შესრულების მონიტორინგს ამ მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფი ახორციელებს, რომლის შემადგენლობა და უფლებამოსილება ცესკო-ს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით არის განსაზღვრული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს“, _ აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.