რუსული მედია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გენერლების გათავისუფლებას ეროვნული გვარდიის შექმნას უკავშირებენ.
როგორც სააგენტო „იტარ-ტასი“ იტყობინება, ყველა გათავისუფლებული გენერალი შსს-ს იმ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც როსგვარდიაში გადაიყვანეს.
ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ ბრძანებას ვლადიმირ პუტინმა 4 ივლისს მოაწერა ხელი. აღნიშნული გვარდიის შექმნის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გავრცელდა. მაშინვე მედიაში უკვე გავრცელდა ვარაუდი, რომ პუტინს მომავალი არჩევნებისთვის არეულობის ეშინია და ეროვნული გვარდიის შექმნა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
კანონის თანახმად, ეროვნული გვარდიის, როგორც სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციის დანიშნულება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის, კანონისა და ადამიანის თავისუფლების დაცვა იქნება.