"შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კიდევ კარგა ხანი ვერ მიეშველებიან თურმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰაერი გადაუკეტო" _ მუცოს ხეობის მკვიდრი გელა დაიაური პირიქითა ხევსურეთის პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. დაიაური ხელისუფლებას რესურსის გამონახვას და პრობლემის გადაწყვეტას სთხოვს,
"არ ვიცი, ვისაუბრო, თუ გავჩერდე… სხვებმაც დაწერეს ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დუმილიც არ შემიძლია. იმიტომ, რომ ეს ტკივილი მარტო საჩემო არაა, საქვეყნოა. იმიტომ, რომ იმ კუთხეზეა საუბარი, საიდანაც შემოსული მტერი არ შეხებია საქართველოს. იმიტომ, რომ ეს კუთხე საზღვრისპირა რეგიონია და არ შეიძლება ხალხისგან დაიცალოს (არადა, მავანმა და მავანმა, იქნებ ცუდ მეტიჩრობად ჩამომართვას).
შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კიდევ კარგა ხანი, ვერ მიეშველებიან თურმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰაერი გადაუკეტო. დაახლოებით, ასეთი დატვირთვა აქვს ელექტროენეგრიას შატილისთვის და პირიქითა ხევსურეთისთვის. წარმოიდგინეთ ხალხი, რომლებიც ლამფის შუქზე ცხოვრობენ, მალე გზა დაეკეტებათ… წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებმაც ამ პირობებში, უშუქობაში, უგზოობაში და საყინულეში უნდა იცხოვრონ.
p.s. კარგია "თბილისობა", "მცხეთობა" და აუცილებელი, მაგრამ ამ ფონზე, სულ არ მაქვს სადღესასწაულო განწყობა. იქნება ჯობდეს, ხელისუფალნო დიდი რესურსები გამოვნახოთ და უცბად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ელემენტარულ სიკეთეს ნუ მოვაკლებთ პირიქითა ხევსურეთს, _ წერს გელა დაიაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.