სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის განცხადებას _ არჩევნების მეორე ტურში გაერთიანდნენ პროდასავლური ძალები და მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოიპოვოს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „აგორებული იაფფასიანი კამპანიაა“:
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, რომელიც არსებითად „რუსთავი2“-ის მეშვეობით ხორციელდება, ამაში ჩართეს ნაც.მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს, გახსოვთ თქვენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა არის ჩვენი ამოცანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.