2016 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 2 845 614 ლარი შეადგინა.
"საჯარო სხდომებზე, სადაც კომისიის საჯარო გადაწყვეტილებების მიღება ხდება, მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე შესწავლილი საკითხები წარდგენილი იყო კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ.
კომისიის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტში მოქალაქეთა 1760 განცხადება/საჩივარი შევიდა. მათ შორის, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით -638; ელექტროენერგიასთან დაკავშირებით -859, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით – 263. აქედან, ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მეტი – 599 განცხადება/საჩივარი შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ დაფიქსირდა; ელექტროენერგეტიკის სექტორში სს "თელასის" მიმართ – 783, ხოლო წყალმომარაგების სექტორში – შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ – 211 განცხადება/საჩივარი.
მოქალაქეთა განცხადება /საჩივრებში დაფიქსირებული მოთხოვნები, ძირითადად, შეეხებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები ელექტროენერგეტიკის სექტორში უმეტესწილად ხანდაზმულ დავალიანებებს უკავშირდებოდა", _ აღნიშნავენ სემეკში.
ორანიზაციაში განმარტავენ, რომ ხანდაზმულ დავალიანებად ითვლება ისეთი ტიპის დავალიანება, რომლის მოთხოვნაზე უფლების წარმოშობიდან გასულია 3 წელზე მეტი. აღნიშნული ვადა დავალიანების ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
"ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში გამანაწილებელ კომპანიას შეუძლია მოქალაქეს (აბონენტს) მოსთხოვოს მისი გადახდა. თუმცა, თავის მხრივ მოქალაქეს შეუძლია არ გააფორმოს კომპანიასთან ხელშეკრულება, ხანდაზმული დავალიანების აღიარებასთან დაკავშირებით, მიმართოს სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს შესაბამისი განცხადება/საჩივრით და კომისია იმსჯელებს ასეთი სახის დავალიანების ჩამოწერის საკითხზე. ამასთან, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, გამანაწილებელ კომპანიას უფლება არ აქვს აბონენტს შეუწყვიტოს კონკრეტული მომსახურების მიწოდება.
ხანდაზმული დავალიანების არსებობა კონკრეტული აბონენტის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ აბონენტმა არ უნდა გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების მიმდინარე გადასახადი", _ აცხადებენ სემეკში.