როგორც „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
შეუიარაღებილი თვალითაც ჩანს, თუ როგორ გააყალბეს არჩევნები. მე ხელთ მაქვს ოზურგეთის რაიონის მოხსენებითი ბარათები,სადაც მოყვანილია მაგალითი თუ როგორ ხდებოდა მანიპულირება, როგორც არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების დღეს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მაგალითის გავრცელება შეიძლება მთელ საქართველოზე. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელების უმრავლესობა გახლავთ ქალაქისა და რაიონის თანამდებობის პირები, ქალაქის მერები, თემის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ა.შ. ყველა საარჩევნო უბანზე პარალელურად შექმნილი იყო მიკროშტაბები _ სოფლის რწმუნებულების, საკრებულოს დეპუტატების, საჯარა სკოლების ბაღების ხელმძღვანელების, საჯარო სტრუქტურაში დასაქმებული პირებით. მათთან პირდაპირ კოორდინაციაში იყო სუს-ი, რომელიც ამ ადამიანების მეშვეობით ახდენდა ამომრჩეველზე ზეწოლას. მაგალითად, სოფელ კონჩკათში, სადაც ცხოვრობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, კონკრეტულად ქალაქის მერი, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა ელემენტარულად მოსახლეობასთან შეხვედრაც კი ვერ შეძლეს. ასევე, ამომრჩეველთან იყო გახორციელებული ძალიან სისტემატური კონტაქტი, მათზე ზეწოლის თვალსაზრისით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პარტიის ოფისში გამოცხადდა ლაითურის #11 საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი და უარი განაცხადა მოვალეობის შესრულებაზე იმ მოტივით, რომ მასთან მისულები იყვნენ სპეცსამსახურები და გახორციელდა პირდაპირი მუქარა. მას განუცხადეს, რომ მისი უახლოესი სანათესაოს წარმომადგენლებიდან არავინ დარჩებოდა სამსახურში თუ ის არ დატოვებდა ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ადამიანმა ვერ გაუძლო ასეთ ზეწოლას, როდესაც მასთან მივიდნენ და ჩამოუთვალეს, თუ სად მუშაობს მისი სიძე, სად მუშაობს მისი ძმისშვილი, სად მუშაობს მისი ბიძაშვილი და უთხრეს, რომ ერთი თვის განმავლობაში ეს ადამიანები დაკარგავდნენ სამსახურს. ამ ადამიანმა არ ივაჭრა, ღიად მოვიდა და უარი განაცხადა ჩვენთან მუშაობაზე, პრაქტიკულად, არჩევნების დღეს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი შეშინდა, ისევე, როგორც მრავალი სხვა. სამწუხაროა, რომ საქართველოში შიში და მოსყიდვა ძალიან ინტენსიურად მოქმედებს", _ აცხადებს პარტიის ლიდერი.
ბურჯანაძის განცხადებით, სასამართლო ისეთი საქმის განხილვაზეც კი აცხადებს უარს, როგორიც ბიულეტების დაკარგვაა.
„შემიძლია გითხრათ, რომ სრული ქაოსი დაფიქსირდა საარჩევნო ოქმებშიც, ყოველ მესამე შემაჯამებელ ოქმში, დარღვეული აღმოჩნდა ბალანსი. ეს ბალანსი, რა თქმა უნდა, ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო დარღვეული. საარჩევნო უბნებიდან დაიკარგა 157 ცალი საარჩევნო ბიულეტენი, მათ შორის, შემოქმედიდან _ 17, ნარუჯიდან _ 37 და ა.შ. ზედმეტი ბიულეტენები აღმოჩნდა გურიანთის უბნის საარჩევნო ყუთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევებია, მეგობრებო, ოღონდ ამ დარღვებზე ჩვენ ყველა სასამართლომ განხილვაზე უარი გვითხრა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ლაითურის #12 უბანზე პროპორციული წესით არჩევნების შემაჯამებელ ოქმში, ჩვენ მიერ მიღებული 48 ხმა მიაკუთვნეს სხვა პარტიას და მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმედღიანი, ძალიან პრინციპული ბრძოლის და მოთხოვნის შემდეგ მოვახერხეთ, რომ ეს 48 ხმა ჩვენთვის დაგვებრუნებინა. თუმცა, ამ ბრძოლის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ საბოლოო შემაჯამებელ ოქმში ეს 48 ხმა კვლავ არ არის ჩვენი პარტიის ყულაბაში. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლიც მინდა მოგახსენოთ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაგროვებდით უბლოკო სტატუსის მხარდამჭერთა ხელმოწერას. მხოლოდ ოზურგეთის მოსახლეობიდან არის 2020 ხელმოწერა, ასევე, ხელმომწერთა გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილი, შევსების თარიღი და ხელმოწერა. ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოში, რომ შენი მხარდამჭერებიც კი, ხშირ შემთხვევაში, ერიდებიან მხარდაჭერის ღიად გამოცხადებას და მითუმეტეს, პირადი მონაცემების ჩაწერას ნებისმიერი ტიპის დოკუმენტში. მაგრამ ამ ხელმოწერების შეგროვებიდან რამდენიმე დღეში, პარტიამ, რომელიც იყო უბლოკო სტატუსის ინიციატორი, მიიღო 1340 ხმა, ანუ, პრაქტიკულად, 800 ხმით ნაკლები, ვიდრე დაფიქსირდა ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის სახით აღნიშნულ დოკუმენტაციაში", _ განაცხადა „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ თავჯდომარემ.