ახალი სახელებითა და ახალი კონცეფციით, თბილისის მოდის კვირეული 19 ოქტომბერს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს.
რიგით მე-14 სეზონი დღეს, 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება თბილისის საკრებულოს დარბაზში, სადაც გაიმართება ნინო რამიშვილის არასასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების" მონაწილეობით. იმავე საღამოს მოწვეული სტუმრები CHUBIKA-ს Secret Garden-ში გადაინაცვლებენ, სადაც დიზაინერი თავის შემოქმედებას პერფორმანსის და ინსტალაციების სახით წარადგენს.
შემდეგი 4 დღის მანძილზე, 20-23 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS TBILISI გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრეს რუმს და სამუშაო შოუ-რუმს. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი
კვირეული 23 ოქტომბერს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველ პრემიალურ პროექტ „სკაილაინ რეზიდენსში" დაიხურება, სადაც დიდი წვეულება და მოდის ინსტალაცია/წარმოდგენა მოეწყობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები: VOGUE ITALIA, BRITISH VOGUE, Vogue Russia, ELLE Russia, Barneys NEW YORK, Fabulous Muses Blog, Harper's BAZAAR Kazakhstan, British GQ, END magazine, ACHTUNG MODE, Lufthansa Magazine, Planet Fashion, Nargis Azerbaijan, Fashion To Max, Vogue Japan, www.le21eme.com. თბილისს ასევე ესტუმრება ცნობილი სტილისტი/ბლოგერი Oksana On, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს „კინემატოგრაფის და ხელოვნების გავლენა მოდაზე". ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.