"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი, აკაკი ბობოხიძის ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხის განხილვას სახელისუფლებო პარტია არ გეგმავს.
"ჩემი გუნდი, პრემიერ-მინისტრი და ზოგადად, "ქართული ოცნების" წევრები ამ საკითხს არ განვიხილავთ, მაგრამ მათ გასაგონად, ვინც კვლავ სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, გეუბნებით, რომ დედას გეფიცებით, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას მხარს არ დავუჭერ", _ აცხადებს ნარჩემაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ იმერეთის მუნიციპალიტეტების "ქართული ოცნების" კანდიდატებს შესთავაზა, რომ თუ ისინი პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას მხარს არ დაუჭერენ, ის და გია თევდორაძე მზად არიან, ქუთაისის მაჟორიტაორბისათვის აღარ იბრძოლონ და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.
"11 დეპუტატის კვორუმია საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება და პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისის ნაცვლად, თბილისი იყოს. სწორედ 11 მაჟორიტარი შედის იმერეთიდან პარლამენტში და მე მათ ღიად ვეუბნები – თუ რეგიონის განვითარება სურთ, ხვალვე დააფიქსირონ პოზიცია, რომ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაში, პარლამენტის თბილისში გადატანას მხარს არ დაუჭერენ და მე და გია თევდორაძე მზად ვართ, მეორე ტურს გამოვეთიშოთ", – აცხადებს აკაკი ბობიხიძე.