გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია აცხადებს, მისი მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე და ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. გარდაცვლილის მამას თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის არ სჯერა.
„ჩემი მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე. ჩემს შვილს იარაღი არადროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა და არც ნასამართლევია. ალბათ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. ჩემი მეორე შვილი არ იყო მასთან ერთად ბაზაზე, ეს ტყუილია., გამოვრიცხავ იმ საღამოს მის ძმასთან ყოფილიყო. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. ალბათ, გაარკვევენ, მასზე რატომ გამოაცხადეს ძებნა. იმ ვერსიის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დადო, არ გვჯერა. სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატო არ მოძებნეს? განგაში ხომ ატყდა? რატომ მაშინვე არ მივიდნენ ? სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი, მერე რომ ნახეს, მაინტერესებს სათვალთვალო კამერებმა არაფერი გადაიღო? ვითხოვ სათვალთავლო კამერების ჩანაწერსაც, ადვოკატსაც ავიყვან და ვნახოთ რა იქნება“, – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
რაც შეეხება შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახის მტკიცებას, რომ მას იარაღი არ ექნებოდა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში ნაპოვნი იქნა იარაღი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე გუშაგმა სამი უცნობი პირი შენიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, გუშაგმა მათ სიტყვიერი გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა და ამ მიზნითვე ჰაერშიც არაერთხელ გაისროლა, თუმცა, ამის მიუხედავად უცნობმა პირებმა ტერიტორია არ დატოვეს და გუშაგს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ გაისროლა მათი მისამართით გუშაგმა, რა დროსაც 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.