"რაც არ გკლავს, გაძლიერებს _ ამ შედეგებმა ჩვენ არ მოგვკვლა, ამიტომ დროა მომავალი წარმატებების", _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პარტია კონკრეტულ ნაბიჯებს მალე გადადგამს.
"ზეწოლის, ადმინისტრაციული და ქუჩის რესურსის გამოყენების შედეგად, შეიქმნა ვითარება, როდესაც ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა ჩამოყალიბდა.
ეს არის რეალობა, რომლის სამწუხარო შედეგებსაც საზოგადოება მომდევნო წლებში იგრძნობს. სწორედ ამასთან საბრძოლველად მივიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში. ველოდებოდით ძალადობასაც და გაყალბებასაც, მაგრამ ამ ბრძოლაში შევედით იმიტომ, რომ ქართული ოცნებისთვის 45 ადგილი არ გვეჩუქნა. ის ფაქტი, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ იმ 500 000 ხმასთან ერთად, მომავალი ბრძოლისთვის კარგ საფუძველს გვიქმნის.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება, გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა. უახლოეს პერიოდში იხილავთ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს. რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ამ შედეგებმა ჩვენ არ მოგვკვლა, ამიტომ დროა მომავალი წარმატებების, _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.