"საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიისათვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მედიისა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს.
მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი; თქვენი მოღვაწეობის შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა და გათვალისწინება, ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის.
მინდა მადლობა ვუთხრა მედიას; თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა, აქედან გამომდინარე, გააკეთა თავისი არჩევანი.
მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს: „ქართულ ოცნებას", „ნაციონალურ მოძრაობას", „პატრიოტთა ალიანსს", რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში.
მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად, ეს საზოგადოების დაკვეთა იყო. თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წარმატებას, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.