თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იკო ი.-ს მიმართ.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, იკო ი. არ გამოცხადდა გამწვევი კომისიის სხდომაზე სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით.
სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა და პასუხისგებაში მიცემული პირის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეტლით მოსარგებლის მხრიდან ადგილი ვერ ექნებოდა სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდებას, შესაბამისად, შეწყვიტა საქმის წარმოება.