ბოლო ხანია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფართოდ გავრცელდა მსხვილფეხა საქონლის დაავადება. მოსახლეობის თქმით, დაავადებულ პირუტყვს მაღალი ტემპერატურა, კიდურებისა და კუნთოვანი ქსოვილების დასიება აღენიშნება. კონკრეტულად, რა სახის დაავადებაა გავრცელებული, ამის შესახებ საქონლის მეპატრონეებს ინფორმაცია არ გააჩნიათ და დაავადებულ საქონელს დამოუკიდებლად, ანტიბიოტიკების საშუალებით მკურნალობენ. სამწუხაროდ, ხშირია საქონლის სიკვდილიანობის შემთხვევა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
"მასობრივადაა საქონელი დაავადებული. ღმერთმა დაიფაროს, იგივე განმეორდეს, რაც ღორებთან მიმართებაში ხდება. ჯერ ქათმის დაავადება იყო, მერე _ ღორის, ახლა კი _ საქონელი. ძროხაც რომ გაწყდეს, მერე რაღა გვეშველება?! ესაა ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო. მოსახლეობის უმრავლესობას ამით უდგას სული და გააქვს თავი. კონკრეტულად რა დაავადებასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოვიქცეთ, არ ვიცით. ადგილობრივ ვეტექიმთა გამოცდილების იმედად ვართ, დაავადებულ პირუტყვს მათი რჩევის გათვალისწინებით ვმკურნალობთ. ზოგს გადაგვირჩა საქონელი, ზოგსაც _ დაეღუპა", _ ამბობს მოსახლეობა.
მსხვილფეხა პირუტყვის დაავადების ფაქტს სოფლის დეპუტატებიც ადასტურებენ და ფიქრობენ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შემუშავდეს გავრცელებული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები:
"კატასტროფული მდგომარეობაა, სოფლებში საქონლის 90% დაავადებულია. რაღაც უნდა ვიღონოთ, გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე და რა უნდა ქნას მოსახლეობამ, რომ იგივე შედეგი არ მივიღოთ, რაც ღორების შემთხვევაში გვაქვს, თორემ დარჩება ხალხი მშიერი. ძალიან მტკივნეული საკითხია ეს გლეხობისთვის და აუცილებლადაა საჭირო ზომები მისაღები", _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის მაჟორიტარი აკაკი იმნაიშვილი.
ლანჩხუთელ ვეტერინართა ვარაუდით კი, ჩვენში გავრცელებული მსხვილფეხა საქონლის ინფექციური დაავადება ძალიან ჰგავს კახეთში, ორი წლის წინ გავრცელებულ კანის დაავადებას:
"ვფიქრობთ, რომ საქმე კანის ინფექციურ დაავადებასთან უნდა გვქონდეს, რომელიც სისხლისმწოველ მწერებს გადააქვთ. აციებასთან ერთად, ალბათ, დაავადების შემთხვევებიც დაიკლებს, თუმცა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება," _ ამბობენ ვეტერინარები, რომლებიც სურსათის უვნებლობის სააგენტოდან კონკრეტული რჩევების მიღებამდე საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ცდილობენ მოსახლეობას გამოცდილება გაუზიარონ და დახმარება გაუწიონ.
გავრცელებული დაავადების შესახებ საქმის კურსშია სურსათის ეროვნული სააგენტოც. აღნიშნული უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევებისთვის აიღეს პათოლოგიური მასალა და დიაგნოზი უკვე დადგენილია, უახლოეს ხანში კი დაავადების კერაში საქონლის ვაქცინაცია გახორციელდება:
"ვაქცინა უკვე შემოტანილია და მოკლე ხანში დაიწყება საქონლის ვაქცინაცია. მანამდე კი მოსახლეობას ვურჩევთ, გაითვალისწინონ ვეტერინარების რჩევები", _ ამბობენ პრესსამსახურში.