თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღში გადაღებული ვიდეო, სადაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით ქორწილის ინსენირებაა დადგმული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა. სოციალური ქსელის მომხარებელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამით სააგენტო უნდა დაინტერესდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.
"ანომალია და სადიზმი!! – მეტი არაფერი რომ არ მოგდის თავში მასწავლებელს ზეიმის ან ღია გაკვეთილის დროს"; "რომელი ზრდასრული პედაგოგის გონებაში "მოიხარშა" იდეა,რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს "ქორწილობანა"თუ რაღაც ამდაგვარი იდიოტობა გაათამაშებინონ? პატრონი არ ჰყავს,ეტყობა,მაგ ბაღს! რა მარაზმია" "ზეიმების" ორგანიზატორის და მასწავლებლის პროფესია აერია? ეს ტვინზე უნაოჭო "მასტავლებელი" კინწისკვრითაა გასაგდები" _ ასეთ კომენტარებს ფეისბუქში მრავლად შეხვდებით. თუმცა, არიან გამონაკლისებიც.
PR ტექნოლოგიების სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ვიდეოში საგანგაშო არაფერია:
"ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ ბაღში ბავშვებს ე.წ. ქორწილი ათამაშეს და ატყდა ვიშვიში, ეს რა საშინელება არისო, ბავშვებს ბავშვობა წაართვესო და ა.შ.
ჩემო თანამემამულეებო, გაუფრთხილდით ნერვებს, არაფერი განსაკუთრებული არაა, ბავშვების თამაში პრაქტიკულად ბაძვას წარმოადგენს უფროსებისადმი და შესაბამისდ, შემეცნების პროცესს. ომობანას, საჭმლის გაკეთებას, თოჯინების მოვლას, მანქანებით თამაშს და ა.შ. თუ თამაშობენ, რა განსაკუთრებული პრობლემაა რომ ოჯახობანა გაითამაშონ?
არც სიახლეა, ბავშვები თავადვე ხშირად თამაშობენ მსგავსს, თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვობაში მეც ვთამაშობდი მსგავსს და არც ადრეული ქორწინება გამოუწვევია ამას, 30 წლის ასაკში მოვიყვანე ცოლი სულაც.
ნუ ვქმნით ყველაფრისგან პანიკას და ნუ ვილანძღებით ყველაფერზე.
ვნახე ვიდეო, ძალიან მომეწონა, როგორ ასწავლიდნენ ბავშვებს მანერებს, ბიჭს ჯენტლმენობას, ბავშვები ხომ უშესანიშნავესები იყვნენ.
და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვისთვის თამაში რეპეტიციაა სამომავლო ცხოვრების, პრაქტიკულად არ თამაშობს ბავშვი უმიზნოდ, არამედ ის ცდილობს თამაშში გამოიმუშავოს ის უნარ-ჩვევები და შინაარსი, რასაც სამომავლოდ გამოიყენებს…
დავმშვიდდეთ.
როგორც მისი უდიდებულეს კარლსონი იტყოდა, სიმშვიდე, მეტი სიმშვიდე." _ წერს გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.