2013 წელი _ ავჭალის დასახლებაში სასაფლაო დაარბიეს, საფლავებზე მოტეხეს და გაანადგურეს ჯვრები; 2014 წელი _ დაარბიეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის სასაფლაო, დააზიანეს საფლავის ქვები და დაამტვრიეს სასანთლეები; თბილისში, ვარკეთილის ე.წ. "დამპალოს" სასაფლაოზე 16 საფლავი დაარბიეს და დააზიანეს; 2015 წელი, მაისი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოზურგეთში რამდენიმე დღის შუალედში, დაარბიეს და შეურაცხყვეს 50-მდე საფლავი.
ეს ნაწილია იმ ათეულობით შემთხვევებისა, რომლის შესახებაც ბოლო სამი წლის მანძილზე მედია აქტიურად წერდა. მაშინ მოსახლეობა აქცენტს სექტებზე და ე.წ. სატანისტურ დაჯგუფებაზე, ახალგაზრდების მონაწილეობით გახორციელებულ უცნაურ და საშიშ რიტუალებზე აკეთებდა, თუმცა, ეს ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა. უფრო მეტიც, როგორც გავარკვიეთ, გამოძიება ამ მიმართულებით არც ერთხელ არ დაწყებულა _ არც ოზურგეთში მომხდარი შემთხვევის დროს, მით უმეტეს, რომ "გურია ნიუსი" ამ საკითხზე ყურადღებას ამახვილებდა. მაშინ, რამდენიმე მშობელზე დაყრდნობით ვწერდით, რომ ახალგაზრდები სექტებში იყვნენ გაერთიანებულნი და მათ შველა სჭირდებოდათ.
თუმცა, ეს ყველაფერი გაზეთის არქივს შემორჩა, შესაბამისი ორგანოები კი მშრალი ინფორმაციის გავრცელებით შემოიფარგლნენ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სოფელ ოზურგეთში სასაფლაოების დამრბევი პირი დაკავებული იყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ოზურგეთში ბადრი თავდუმაძე ჩვენთან საუბრისას იმ დღეებს იხსენებს, რამაც მთელი სოფელი აღაშფოთა და ადასტურებს, რომ მოსახლეობას სექტის არსებობის შესახებ ეჭვი ჰქონდა:
_ თავიდან იყო ამაზე საუბარი, მაგრამ მერე პოლიციამ დააკავა 28 წლის ახალგაზრდა, რომელმაც აღიარა დანაშაული. ის ბიჭი შეურაცხადია _ შესაბამისი დოკუმენტიც აქვს, _ ამბობს თავდუმაძე, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ გაუჩნდა 28 წლის ადამიანს სურვილი, სასაფლაოები დაერბია:
_ ვფიქრობ, ეს მისი ფსიქიური პრობლემებიდან გამომდინარე მოხდა. როგორც გაირკვა, ის სასაფლაოზე ხშირად მიდიოდა და იქვე სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს. პოლიციამ ის სასაფლაოზე სწორედ დალევის დროს დააკავა. როცა ჰკითხეს, რას აკეთებდა, თქვა, რომ რუსეთ-ჩინეთის ომში იყო, _ გვითხრა თავდუმაძემ.
_ მით უმეტეს… დაკავების მომენტშიც ითქვა, რომ ის ბიჭი შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილზე და მისი ჯანმრთელობის პრობლემის გამო, დანაშაული საკუთარ თავზე ააღებინეს, რეალური დამნაშავეები კი დაუსჯელები დარჩნენ.
_ თავიდან მეც გამიკვირდა, როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა ასეთი მძიმე ქვების მოტეხვა. თუმცა, მას დიდი ძალა აქვს. მეც რომ ვნახე, შემეშინდა _ თვალები უელავდა, სულ თეთრი ჰქონდა. პოლიციას ძალიან გაუჭირდა მისი დაკავება, _ აღნიშნა თავდუმაძემ.
თავდუმაძეს არ დაუკონკრეტებია, რა ძალაზე საუბრობდა, თუმცა, სასაფლაოების დარბევისთვის დაკავებული 28 წლის ახალგაზრდა გ. ტ. დიდ ფიზიკურ ძალას ნამდვილად არ ფლობს. მასზე ჩვენ დიდი ხნის წინ ვწერდით _ გ. ტ. პატარა იყო, როცა დააკავეს და პოლიციაში სცემეს. სწორედ მას შემდეგ შეექმნა მას ფსიქიური პრობლემები და მიუხედავად შესაბამისი დასკვნისა, არა კლინიკაში, არამედ ციხეში გაუშვეს. "გურია ნიუსის" დახმარებით, მაშინ მისი ფსიქიატრულში გადაყვანაც მოხერხდა, თუმცა, იქიდან საკმაოდ დაუძლურებული გადმოვიდა. შესაბამისად, ძალიან საეჭვოა, რომ მას 50-მდე საფლავის დარბევა, მძიმე ქვების მოტეხვა და გადაადგილება შეძლებოდა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსახლეობის ეჭვი, რომლის თანახმადაც, სასაფლაოები არა ბრალდებულმა, არამედ დღემდე დაუდგენელ სექტაში გაწევრიანებულმა ახალგაზრდებმა დაარბიეს, უფრო მყარდება.
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობა თემის დეტალებზე იმ მიზეზით არ საუბრობს, რომ ეს დანაშაული მათი მუშაობის დროს არ მომხდარა. თუმცა, პირობას გვაძლევენ, რომ საკითხით დაინტერესდებიან. როგორც გავარკვიეთ, მათ არც გ. ტ.-ს წარსულის შესახებ აქვთ ინფორმაცია და არც სექტების შესაძლო არსებობაზე:
_ აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით და კონტროლსაც უფრო გავაძლიერებთ, _ გვითხრეს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში.
სამწუხაროა, რომ ეს თემა აქტუალური და ზოგისთვის დამაჯერებელი თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შემდეგ გახდა. არადა, "გურია ნიუსის" მსგავსად, რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად მოუწოდებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საკითხისთვის სიღრმისეულად მიეხედა _ ვწერდით მშობლების, ფსიქოლოგების კომენტარებს, რომელშიც მოსალოდნელ შედეგებზეც იყო საუბარი; აღვნიშნავდით იმასაც, რომ ბევრი ახალგაზრდის სოციალური ქსელი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ნათლად ასახავდა, რასაც ყურადღება სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება. მით უმეტეს, რომ ახლა ბევრი ახალგაზრდა, შემზარავ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირებს ღიად უცხადებს სოლიდარობას. უფრო მეტიც, ორშაბათს, კანიბალიზმში ბრალდებული ახალგაზრდის ფეისბუქის გვერდზე მისი სახელით ახალი პოსტები გაჩნდა იმის აღწერით, თუ როგორ მიირთვა მან 70 წლის ქალის სხეულის ნაწილები.
როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ბრალდებულის აქაუნთით სხვა პირი სარგებლობდა, თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება დამშვიდებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, იქ დაწერილმა კომენტარებმა, მხარდამჭერთა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა, რომ ამ საკითხს ყურადღების მიქცევა და დროული რეაგირება სჭირდება.
_ უცნაური ჩაცმულობისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. თავიდან ცოტა წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა, უფრო დიდი წინააღმდეგობას წავაწყდი და სიტუაცია არ გავამწვავე. მის ქცევაშიც რომ ცვლილება შევნიშნე პედაგოგს დაველაპარაკე, მაგრამ დამამშვიდა _ მოზარდია და საშიში არაფერიაო. არადა, მისი და მისი მეგობრების ფეისბუქზე გაჩნდა შავი კატების, დაყუდებული ჯვრების, სისხლით მოსვრილი ტუჩების ფოტოები. მასაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ამით უბრალოდ ერთობოდა. თან, როგორც გითხარით, პედაგოგმა დამამშვიდა, მაგრამ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩემი სიმშვიდე გააქრო. არც კი ვიცი ვის უნდა მივმართო. ინფორმაცია მოვიძიე და მითხრეს, რომ ოზურგეთის რამდენიმე სასაფლაოზე ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან, ცეცხლს ანთებენ, კატებს ატყავებენ და რაღაც რიტუალებს ატარებენ. არ ვიცი, აქვს თუ არა მათთან კავშირი ჩემს შვილს, ისიც არ ვიცი, რეალურია თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ ის ვიცი, რომ ასე ჩუმად ამ ამბის გატარება არ შეიძლება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ოზურგეთელმა ქალბატონმა, რომელიც შვილიც ქალაქის სკოლაში სწავლობს.
ჩვენი მოკვლევისას გაირკვა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის თითქმის ყველა სკოლაში ფლობენ. უფრო მეტიც, რამდენიმე სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ ამ თემაზე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ორი თვის წინ ჰქონდათ საუბარი:
_ გვაქვს ჩვენც მსგავსი ინფორმაცია, რამდენიმე მოსწავლესთან არსებობს რაღაც შეკითხვები და ეს საკითხი რესურსცენტრშიც განვიხილეთ დაახლოებით ორი თვის წინ. ოღონდ კონკრეტულ შემთხვევებზე არ ყოფილა საუბარი. ითქვა, რომ ორი-სამი მოსწავლე ხელმძღვანელობს რაღაც დაჯგუფებას; არის ადგილები, სადაც იკრიბებიან. ისიც ითქვა, რომ, ამაში კომპეტენტური ორგანოები უნდა ჩართულიყვნენ, _ გვითხრეს დირექტორებმა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის კომენტარის მოპოვება ამ თემაზე ვერ შევძელით. მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, იმედაშვილმა არც ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც გაგზავნილ შეტყობინებებს.
თუმცა, ოზურგეთში არსებული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტიძემ:
_ ლანჩხუთში მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ დაფიქსირებულა, თუმცა, ოზურგეთზე გვაქვს ინფორმაცია. ურეკი ჩვენთან ახლოსაა და დაახლოებით სამი წლის წინ გავიგეთ, რომ იქ ორი-სამი მოსწავლე საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. შემდეგ ეს თემა მიწყნარდა, თუმცა, სოციალურ ქსელებში ერთი წლის წინ ისვე გააქტიურდნენ და მაშინ ლანჩხუთის სკოლებიც გადამოწმდა. მსგავსი შემთხვევა, საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა. ბოლო დღეებში ნამდვილად არ გამიკონტროლებია და, აქედან გამომდინარე, ერთი წლის წინანდელ ინფორმაციაზე ვსაუბრობ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ნინო ჩიტიძემ.
ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსის დავით წულაძის თქმით, მსგავსი ტიპის შეტყობინება მათთან არ შესულა:
_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე არანაირი შეტყობინება არ მოსულა, ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად ჩავერთვებით და კონტროლსაც გავაძლიერებთ, _ გვითხრა წულაძემ.
მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში:
_ არ გვსმენია არაფერი და ასეთი ინფორმაციის შეგროვება ჩვენთვის არც არავის დაუვალებია. თუმცა, პრევენციისთვის აუცილებლად დავინტერესდებით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ.
ამ მიმართულებით კონტროლის გაძლიერების პირობა ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ზურაბ მუჯირიშვილმაც მოგვცა, რომლის თქმით, ახალგაზრდების მსგავსი გაერთიანების შესახებ არც ოფიციალური და არც არაოფიციალური შეტყობინება ჩოხატაურის პოლიციამდე არ მისულა.
სამართალდამცავ სტრუქტურაში მიაჩნიათ, რომ ყველა საეჭვო ფაქტის შესახებ, როგორც მშობელმა, ასევე სკოლამ და პედაგოგმა მათ აუცილებლად უნდა შეატყობინონ. ამის აუცილებლობაზე ფსიქოლოგებიც საუბრობენ, რომელთა განმარტებით პრობლემა მეტისმეტად ღრმა და დიდია:
_ აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, განათლების სამინისტროს გააქტიურება, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. ამ თემაზე ღია საუბრები უნდა დაიწყოს და მასშტაბური კამპანიები ჩატარდეს. საზოგადოების მხრიდან ახალგაზრდების მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო. მშობლები და ნათესავები ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოზარდის ჩამოყალიბების პროცესში. გახსოვდეთ, რომ პრობლემის გადაჭრის გზა მოზარდის სახლში გამოკეტვა არ არის _ მათთან ურთიერთობა, საუბარი ყველამ უნდა შევძლოთ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ პრობლემები აქვთ და დახმარება სჭირდებათ. მიაჩნიათ, რომ არავის უყვართ. ადვილად შეიძლება ასეთი მოზარდების გამოყენება და იყენებენ კიდეც. ამიტომაც, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობაც _ ყველა საეჭვო ადგილის, დაწესებულების გადამოწმება და კონტროლი. ეს მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის პრობლემა არ არის. ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა, _ მიაჩნიათ სპეციალისტებს.