გუშინ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი, ბოლოსწინა ტური სამი შეხვედრით დაიწყო. ლანჩხუთში „გურია“ ჯგუფის ლიდერს, საჩხერის „ჩიხურას“ მასპინძლობდა და რადგან ეს მისთვის ბოლო შეხვედრა იყო, ბუნებრივია შედეგს არსებითი სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა. თუ „გურია“ იმარჯვებდა, პირდაპირ გავარდნას უცილობლად იცილებდა თავიდან. თუმცა, მოხდა ის, რომ ლიდერმა არაფერი დათმო და უფრო მოტივირებულ გურულებს, მწარე და ამავდროულად ლოგიკური ალიყური აგემა.
თამაშის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა, როცა ჯერ 65-ე წუთზე მუმლაძემ იხეირა, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი, კაკუბავამ ლოგიკური წერტილი დაუსვა მასპინძელთა უნიათო გარჯას.
„გურია“ ამ მარცხით პირდაპირ გავარდნის კანდიდატი იყო, მასპინძლის რანგში მოთამაშე „ცხინვალს“ ქუთაისის „ტორპედოსთვის“ რომ მოეგო. თუმცა, იმერულმა კლუბმა იქით დაამარცხა მეტოქე და გავარდნის ყველა საშიშროება აირიდა.
მოკლედ, ბოლო ტურში გაირკვევა ამ ჯგუფიდან თუ ვინ გავარდება პირდაპირ და ვინ პლეი-აუტში მოხვდება. ვინაიდან „გურიამ“ დაასრულა ჩემპიონატი, „ცხინვალს“ შანსი კიდევ აქვს და ლიგიდან რომ არ დაქვეითდეს საჩხერეში უნდა იმარჯვოს. ეს კი რთული საქმე იქნება თუ სპორტული პრინციპები არ დაირღვა, რამეთუ დიდია იმის შანსი, რომ უმოტივაციო „ჩიხურამ“ იქნებ 3 ქულა დაუთმოს მეტოქეს. აი, ამ შემთხვევაში „გურია“ უკვე ოფიციალურად დაქვეითდება ქვედა ლიგაში.