ამ შენობაში ფრთხილად უნდა შეხვიდეთ _ შესაძლოა, იატაკი ჩაიმტვრეს, ან ბათქაში ჩამოვარდეს. უმჯობესი იქნება, თუ არ შეხვალთ, რადგან, სპეციალისტების დასკვნის თანახმად, შენობა ამორტიზირებულია და შეიძლება ნებისმიერ დროს დაინგრეს. არადა, ამ შენობის პირველ სართულზე, ორ ოთახში, მანანა ნონიაშვილი მცირეწლოვან შვილებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს _ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი აგვისტოს ომის დროს, მეუღლესთან და შვილებთან ერთად დედას შეეკედლა.
_ ფეხმძიმედ ვიყავი, როცა ომს გამოვექეცით და მას შემდეგ აქ ვართ, _ გვიყვება მანანა ნონიაშვილი, რომლის მეუღლე ორი წლის წინ მშობლიურ სოფელში დროებით წავიდა და უკან დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს.
_ საკმაოდ დიდი მეურნეობა გვქონდა სოფელში. ჩემი მეუღლე მოსავლის ასაღებად წავიდა, თუმცა, უკან აღარ უშვებენ. მეც ვერ ვახერხებ შესვლას, რადგან მეუბნებიან, რომ საშიშია. ჩემი უმცროსი შვილი აქ გაჩნდა და მისი სოფელში შეყვანის უფლებასაც არ მაძლევენ. იქ იმდენად რთული სიტუაციაა, რომ მამამთილის დაკრძალვაზეც ვერ წავედი, _ ამბობს მანანა.
ნონიაშვილი შვილების რჩენას სოციალური დახმარებით ახერხებს:
_ დევნილობის დახმარება არ გვაქვს. გვითხრეს, რომ ან სოციალური დახმარება უნდა მიგვეღო, ან _ დევნილის. ამიტომ სოციალურ დახმარებას ვიღებთ, _ ამბობს რესპონდენტი, რომლის თქმით, ოჯახის რჩენაში თურქეთში, მოხუცის მომვლელად წასული დედა ეხმარებათ.
_ ჩემი ძმა ავადაა და მუშაობას ვერ ახერხებს, სამსახური არც მე მაქვს. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და დედის გამოგზავნილი თანხებია, თუმცა, რამდენიმე თვეა, დედაც ავადაა, _ აღნიშნავს ნონიაშვილი.
ნონიაშვილები ხელისუფლებას დახმარების წლებია თხოვენ _ მათ საცხოვრებელ ბინაში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
_ ვერ დავთვლი, რამდენი განცხადება გვაქვს დაწერილი დედაჩემს და მე, თუმცა, უშედეგოდ. ვიცით, რომ მთლიანი ბინის გადახურვა ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომ ვითხოვთ, ის ნაწილი გადახურონ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. წვიმაში აქ გაჩერება შეუძლებელია _ წყალი ყველა ოთახში ჩამოდის, ქარის დროს კი ჭერიდან ხან სახურავის მასალა ცვივა, ხან _ ბათქაში. ყოველი გაწვიმების და ქარის მეშინია. ხელისუფლებას არც საჭმელს ვთხოვთ და არც ჩასაცმელს, მხოლოდ ის გვინდა, რომ შენობის ნაწილი გადაგვიხურონ, _ ამბობს მანანა.
მისივე თქმით, გამგებელმა მათ ოჯახს ქირით გადასვლა შესთავაზა, თუმცა, მოლაპარაკება ვერ შედგა:
_ სოციალური მომსახურების სააგენტომ გამგებელთან გვიშუამდგომლა. გვითხრეს, რომ ქირით გადაგვიყვანდნენ, თუმცა, რამდენი ხანი შეძლებენ ქირის გადახდას, ვერ მეუბნებიან. გარანტია არ მაქვს, რომ ისევ ქუჩაში არ დავრჩები და ამიტომ გადასვლას აზრი არ აქვს, _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
მისივე თქმით, სოციალურ სამსახურში ისიც უთხრეს, რომ თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ვერ მოხერხდება და ქირით არ გადავლენ სხვაგან, შესაძლოა, ბავშვები ჩამოართვან:
_ როცა დროებით ქირით გადასვლაზე უარი ვთქვი, რადგან ვერ დამიკონკრეტეს, რამდენ ხანს გადაიხდიდნენ ქირას, მითხრეს, რომ იძულებულნი გახდებოდნენ, ბავშვები ჩემგან წაეყვანათ _ საყვედურს გვეტყვიან, ასეთ პირობებში ბავშვები რომ იმყოფებიანო. ვუთხარი კიდეც, საყვედურს იმის გამო არ მიიღებთ, რომ წლებია დახმარებას ვითხოვთ და ყურადღებას არ გვაქცევენ,-მეთქი? ეს ბავშვები ჩემი გაზრდილები არიან, ყველაფერს ვაკეთებ, რომ არაფერი მოაკლდეს, მაგრამ ამ სახლის გადახურვა ჩვენს ძალებს აღემატება, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას მანანა ნონიაშვილი.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, წინასაარჩევნოდ დახმარების პირობა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ამჟამინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმაც მისცა:
_ გვითხრა, რომ დაგვეხმარებოდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ერთი თვე გავიდა და არ გამოჩენილა. არავის გავხსენებივართ, _ თქვა ნონიაშვილმა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილების თანამშრომელი ნესტან თოლორდავა ამბობს, რომ ნონიაშვილები თანამშრომლობაზე არ წამოვიდნენ:
_ არ ისურვეს ქირით გადასვლა, რადგან ეს დროებითი იყო. მე გარანტიას ვერ მივცემდი, რამდენ ხანს შევძლებდით ქირის გადახდას. გამგებელთან ვიყავით შესულები და ისიც არ დაპირებია, რომ ქირას წლობით გადაუხდიდა, _ ამბობს თოლორდავა, რომელიც ადასტურებს, რომ მანანა ნონიაშვილთან ბავშვების წამოყვანაზეც ჰქონდა საუბარი:
_ როცა ვხედავთ, რომ ბავშვები არასაიმედო პირობებში არიან, ვალდებულები ვართ, ისინი წამოვიყვანოთ. ჩვენ გვაქვს ამის პრეცედენტი _ მიუხედავად იმისა, ზრუნავს თუ არა მშობელი მათზე, როცა არასრულწლოვნები ცხოვრობენ არაკეთილსაიმედო პირობებში, არის სიცოცხლისთვის საშიში გარემო, ბუნებრივია, გვაქვს უფლება, ბავშვები წამოვიყვანოთ ასეთი ოჯახიდან, _ ამბობს თოლორდავა.
მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებს:
_ ჩვენგან მათ აქვთ დანიშნული დახმარება. სხვა მხრივ გეგულებათ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მათ პრობლემას მოაგვარებდა? _ ამბობს თოლორდავა და კითხვაზე, რატომ უნდა მოაგვაროს ნონიაშვილების პრობლემა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, როცა არსებობს სახელმწიფო და მათ აქვთ ამის ვალდებულება, არ გვასუხობს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მათთვის თავშესაფრის მიცემა არ შეუძლია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, ნონიაშვილებს ქირით გადასვლის შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ქირას იმდენ ხანს გადაუხდის, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება:
_ იმ შენობის გადახურვა შეუძლებელია _ მთლიანად ამორტიზირებულია და საშუალება რომც იყოს, აზრი არა აქვს. ვფიქრობ, რომ საერთოდ დავანგრიოთ. რაც შეეხება ნონიაშვილების ოჯახს, ჩვენ მათ შევთავაზეთ ქირით გადასვლა და ისევ ვთავაზობთ. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ქირას გადავუხდით მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება და სხვა ალტერნატიული ფართით არ დავაკმაყოფილებთ. ჩვენ გვყავს ოჯახები, რომლებსაც ქირას 2 წელია ვუხდით, _ აღნიშნა კუჭავამ.
იმის გასარკვვევად, თუ რას დაპირდა ნონიაშვილებს დეპუტატი და როდის აპირებს დანაპირების შესრულებას, ნინო წილოსანსაც დავუკავშირდით. ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჩვენთან საუბარი, პარლამენტში გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მოტივით, არც ამჯერად ისურვა და კომუნიკაცია სმს-ებით ამჯობინა:
_ ქალბატონ მანანა ნონიაშვილს ჩოხატაურის გამგეობამ შესთავაზა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დროებით იჯარით აღებულ ფართში გადასულიყო. ჩვენ ჩვენი მხრივ ამ პერიოდში შევეცდებით ალტერნატიული გზით მოვაგვაროთ მისი პრობლემა, _ მოგვწერა ნინო წილოსანმა.