2013 წლის 2 აგვისტოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს #169 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, რომელშიც 35 წევრი იყო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის საპროექტო ესკიზი გამოავლინა _ ხმათა უმრავლესობით კომისიამ გამარჯვებულად შპს "არქილიგის" პროექტი სცნო.
გამარჯვებული პროექტი ტენდერზე 2014 წლის 16 ივნისს გავიდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 076 000 ლარი იყო მითითებული. ტენდერში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულად შპს "NBG" გახდა, რომელმაც სამუშაოების გახორციელებაზე პასუხისმგებლობა 1 661 912 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდაერთი ათას ცხრაას თორმეტი) ლარად აიღო.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 25 დეკემბრამდე 1 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. გამგეობამ კომპანიას პირველ ეტაპზე 300 000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა, მან მხოლოდ 50 000 ლარის სამუშაოები შეასრულა და ამის შემდეგ გაუჩინარდა.
ბევრი კვლევა-ძიების შემდეგ დადგინდა, რომ კომპანიის მმართველი თაღლითობისთვის დააკავეს, ოღონდ არა ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობის გამო _ ენდელაძეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ცუდად გახორციელებულ სამუშაოებს და გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებს ედავებოდა.
გაირკვა ისიც, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი "NBG"-სთან სამართლებრივად არ დაობდა და მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტით შემოიფარგლა.
ამის შემდეგ, კულტურის სახლის ასაშენებელი ადგილი აკურთხებინეს და ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს, თუმცა, იგი ორ დღეში გაუქმდა. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ჩაშლილ ტენდერებზე ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით უნდა გაფორმებულიყო.
გვითხრეს ისიც, რომ მშენებელი კომპანია გუბერნატორს უნდა შეერჩია, თუმცა, მხარის იმდროინდელი პირველი პირი გიორგი ჩხაიძე "გურია ნიუსთან" ამბობდა, რომ კომპანიის ნახვა, რომელიც გამოყოფილ თანხაში მშენებლობას დაიწყებდა, გართულდა:
_ მე რეალურად შევასწავლინე თანხის ოდენობა. რაც გამოყოფილია, არ არის საკმარისი მშენებლობისთვის _ სერიოზულმა კომპანიებმა ამ თანხაში სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხზე, დაბალ ფასში კი საეჭვოა, სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს, _ ამბობდა ჩხაიძე 2014 წლის 27 ოქტომბერს ჩვენთან საუბრისას.
ყოფილი გუბერნატორი, მაშინ პროექტის გადახედვასაც არ გამორიცხავდა და აღნიშნავდა, რომ ხარჯთაღრიცხვის შემცირების შემთხვევაში ხარისხიან, თანამედროვე და კარგ შენობას მივიღებდით.
გუბერნატორის ამ ინიციატივას, რომელსაც კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებიც ეთანხმებოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება მაშინ არ დაეთანხმა. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფიქრობდნენ, რომ პროექტის გადახედვა მშენებლობას შეაჩერებდა და გამოყოფილი თანხაც დაიკარგებოდა.
თუმცა, საბოლოოდ, პროექტი შემცირდა და ხელშეკრულებაც, მთავრობის განკარგულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით გაფორმდა, ოღონდ ამჯერად თანხა გაიზარდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავასა და შპს "ვექტორის" გენერალურ დირექტორს სოსო მამულაიშვილს შორის, 2015 წლის 21 ივლისს #168-ე ხელშეკრულების თანახმად, დაბა ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობისთვის კომპანიას ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი ლარი მისცეს.
როგორც ირაკლი კუჭავა განმარტავს, პირველად გამოცხადებული ტენდერი და შესაბამისად _ ფასი არ ითვალისწინებდა შენობის სრულად დამთავრებას:
_ თავდაპირველი ვარიანტით, შენობისთვის საჭირო იყო 4 მილიონი ლარი. პირველი ტენდერი ე. წ. "შავ კარკასზე" გამოცხადდა, თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამის შემდეგ გადამუშავდა პროექტი, დაპატარავდა მოცულობა და მთავრობის განკარგულებით ხელშეკრულება გაფორმდა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, _ ამბობს კუჭავა.
მისივე თქმით მშენებლის შესარჩევად "ღია კარის დღე" გამოაცხადეს:
_ კანონის სრული დაცვით გამოვაცხადეთ "ღია კარის დღე" და მოვიწვიეთ ბიზნესმენები. განცხადებას, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, მხოლოდ პროექტის ავტორი გამოეხმაურა და შესაბამისად, ხელშეკრულებაც მათთან გაფორმდა, _ განმარტავს გამგებელი.
_ ბატონო ირაკლი, პროექტის ავტორი და მშენებელი კომპანია ერთი და იგივეა?
_ სხვადასხვა კომპანიაა, თუმცა, მჭიდრო კავშირი აქვთ. მშენებელი კომპანია პროექტს კარგად იცნობდა, _ გვითხრა კუჭავამ.
თუმცა, ამ კავშირს კატეგორიულად უარყოფს შპს "ვექტორის" გენერალური დირექტორი სოსო მამულაიშვილი, რომელთანაც კითხვები მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც უკვე დასრულებული, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ზარზეიმით გახსნილი ობიექტი, საფუძვლიანად, გუბერნიის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის მობილური ჯგუფის წარმომადგენლებთან _ რევაზ ჯანელიძესთან და გოჩა ჯაშთან, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერიასთან ერთად დავათვალიერეთ.
შენობაში, სადაც ამჟამად კულტურის ცენტრია განთავსებული, არც ერთი ფანჯარა არ იღება; ვენტილაციის სისტემა მხოლოდ დარბაზსა და ფოიეშია, შესაბამისად, სამუშაო ოთახებში ვენტილაცია არ არსებობს. უმეტეს შემთხვევაში კარებსა და იატაკს შორის საჰაეროა დატოვებული, როგორც აქაურები ხუმრობენ, "თაგვების საპატივცემულოდ".
თეატრის შენობას არც საგრიმიორო აქვს, არც _ გასახდელი, არც _ გარდერობი და არც სარეპეტიციო დარბაზი, რაც ხელოვნების სამართლიან პროტესტს იწვევს. მათ გაოცებას და აღშფოთებას ვერანდებიც იწვევს, სადაც მოსახვედრად ე. წ. კარს უნდა გადაახტნენ. კარს პირობითად, რადგან რეალურად ფანჯრის რაფაა, რომლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აღწევს. თუ გადახვედით, იქ მხოლოდ ორმეტრიანი კედლები დაგხვდებათ _ შესაბამისად, ჩოხატაურის ხედებით დატკბობას ვერ მოახერხებთ. შენობას ვერანდები უკანა მხარესაც აქვს, სადაც მხოლოდ სარეპეტიციო ოთახის გავლის შემდეგ მოხვდებით. თუ არ გაგიმართლათ და ვერანდაზე გასული ვერავინ დაგინახათ, გამოსვლას იმ უბრალოდ მიზეზით ვეღარ შეძლებთ, რომ კარი შიგნიდან იკეტება, ხოლო გარე მხარეს სახელური არ აქვს. სამაგიეროდ, აქვს ღია "ჟოლობი" _ სახურავიდან ჩამოსული წყალი პირდაპირ ვერანდაზე ჩამოდის (მილის გარეშე), რომელიც შემდგომ კედლის ბოლოში გაკეთებული "ნახვრეტით" ეზოში გადის, სადაც ასევე არ არსებობს სანიაღვრე არხები და წყალი ეზოში დგება.
_ მთელი ცხოვრებაა სცენაზე ვდგავარ. რა ტიპის სცენა და კულტურის სასახლე არ მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი. გახედეთ ამ აივნებს _ აქ რომ თოვლი დაიდება, რა უნდა ვქნათ?! გადაყრის საშუალება მაინც იყოს, რომ თოვლი სადმე წავიღოთ. მაისის ბოლომდე იქნება აქ თოვლი, _ ამბობენ ანსამბლ "გურიას" ხელმძღვანელი ჯემალ ნაკაშიძე და მისი კოლეგები.
მათთვის გაუგებარია, ე. წ. ვერანდების დანიშნულება, რომელსაც ვერავინ მოიხმარს და რომელიც ზამთარში მხოლოდ პრობლემებს შექმნის.
მსახიობებს და მომღერლებს ამ საკითხში გუბერნიის თანამშრომლებიც ეთანხმებიან და ამბობენ რომ ე. წ. "ფანჯრებს" თოვლი აუცილებლად გააფუჭებს. სპეციალისტების მიერ "გაფუჭების კანდიდატთა სიაში" განათებაც მოხვდა, რომლის გაყვანილობა ღიაა.
ეს პრობლემა მხოლოდ ვერანდებზე არ შეგხვდებათ. უფრო მეტიც, შენობის ირგვლივ, ღობეებზე გაკეთებული გარე განათება საფრთხის შემცვლელია, რადგან კაბელები, ბეტონზე ზევიდან, სახელდახელოდ არის მიმაგრებული, საიზოლაციო ლენტითაა გადაბმული და რამდენიმე ადგილზე წყალშია ჩადებული.
გაყვანილობის პრობლემა სცენის ქვეშაცაა _ ელექტროხაზები დამცავი ხუფების გარეშეა. ხუფების გარეშე ხელოვნების სასახლეში ბევრ წერტილს იპოვით, მათ შორის, დარბაზში, რომელსაც ჯერ კონცერტისთვის არ უმასპინძლია და ერთი სკამი უკვე გატეხილი დაგვხვდა.
თუმცა, სპეციალისტების თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა შენობის ქვეშ დამდგარი წყალია, რომელიც როგორც მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, "ამოშრება":
_ წვიმების პერიოდში დადგა ის წყალი, ახლა აღარ იქნება, დაშრება, _ გვითხრა სოსო მამულაიშვილმა.
_ ბატონო სოსო, ჩოხატაურში გუშინ გაწვიმდა (საუბარი ჩაწერილია 2 დეკემბერს), წყლის დონე კი საკმაოდ მაღალია…
_ ეგ წყალი ადრე ჩავიდა. ახლა კი არ ჩადის. დაშრება და აღარ ჩავა(?!), _ ამბობს მამულაიშვილი.
მისივე თქმით, ყველაფერი პროექტის მიხედვით გაკეთდა:
_ ფანჯრები არ უნდა იღებოდეს კაპიტალურ შენობებზე. იქ კლიმატკონტროლის დანადგარი დგას და ტექნიკურად სწორად არის გაკეთებული. ის ფანჯრებიც არ არის _ ვიტრაჟებია, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული.
_ ელექტროგაყვანილობაც სწორად არის გაკეთებული? გარე გაყვანილობას ვგულისხმობთ, სადაც ელექტროსადენები ბეტონის კედელზე საგანგებოდაა მიმაგრებული.
_ დაელაპარაკეთ პროექტის ავტორს და საინჟინრო ექსპერტს. შენობას შემოწმება გავლილი აქვს. მე შემსრულებელი ვარ და ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული.
_ დარბაზში სკამია გატეხილი, სცენის ქვეშ გაყვანილობა დამცავების გარეშეა… ესეც სწორად გაკეთებულად მიგაჩნიათ?
_ გატეხვა ყველაფრის შეიძლება. ალბათ, ვინმემ გააფუჭა. ელექტროგაყვანილობასაც არაფერი სჭირს. ყველაფერი წესრიგშია, _ გვითხრა მამულაიშვილმა.
პროექტის ავტორი ამირან ჭედია, მამულაიშვილისგან განსხვავებით, გვიდასტურებს, რომ მშენებელთან კავშირი აქვს და მშენებლობის შესახებ კონკრეტული დეტალებიც იცის. მისი განმარტებით, ფანჯრების არგაღების მიზეზი შენობის სპეციალური არქიტექტურაა:
_ ტექნიკურად შეუძლებელია ამხელა ფანჯრების გაღება _ ეს კლიმატკონტროლსა და კონდიციონერებზეა გათვლილი, _ გვითხრა ჭედიამ.
_ ბატონო ამირან, არც ერთი კონდიციონერი ვენტილაციას არ ახდენს…
_ კონდიციონერის მახასიათებლები არ ვიცი. თუ ასეა და ვენტილაცია არ ხდება, მაშინ ან კონდიციონერები უნდა შეიცვალოს, ან შუშაში ჩამონტაჟდეს სპეციალური გამწოვი. გეთანხმებით, რომ ეს აუცილებელია.
ჭედია იმაშიც გვეთანხმება, რომ ელექტროგაყვანილობა სპეციალურ ხუფებში უნდა მოთავსდეს. ამბობს იმასაც, რომ ღია ცის ქვეშ გაკეთებული გაყვანილობა სპეციალურ საიზოლაციო მილშია მოსათავსებელი.
იმასაც ადასტურებს, რომ ვერანდაზე გასასვლელ კარს სახელური ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება მეორე ვერანდაზე გასასვლელს, აღმოჩნდა, რომ მშენებელს საფეხურის გაკეთება დაავიწყდა(?!):
_ მანდ, იდეაში საფეხური უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც არ არის, _ განმარტავს პროექტის ავტორი.
ჭედია ამბობს, რომ ვერანდებზე თოვლი პრობლემას არ შექმნის:
_ კარი ჩვეულებრივად გაიღება, რადგან მას თოვლი არ მოაწვება _ სპეციალურად აქვს გადახურვა. ზოგადად, ღია ვერანდები გაკეთდა იმისთვის, რომ ფართის გამოყენება იქნეს შესაძლებელია.
_ ბატონო ამირან, იმ მილის დანიშნულებას ხომ ვერ აგვიხსნით, რომელიც ვერანდაზე სახურავიდან ჩამოდის?
_ ეს მილი არის დამატებით, დიდი ნალექისთვის. იმისთვის, რომ დატბორვა არ მოხდეს. ტერასიდან მილი გადის ეზოში. ის მილები კი საკმაოდ ფართოა და წყალს კარგად გაატარებს.
_ ეზოში გამავალი მილებიდან წყალს წასასვლელი რომ არსად აქვს?
_ როგორც მახსოვს, ეზოს უკანა მხარეს არის მხოლოდ სანიაღვრე არხი, ეზოს კი ისეთი დახრა აქვს, რომ წყალი არ დაგუბდება, _ ამბობს ჭედია "გურია ნიუსთან" საუბრისას და კითხვაზე, რატომ დგას წყლის გუბე ეზოს შესასვლელთან, პასუხი არა აქვს.
_ ბატონო ამირან, წყლის გუბეები ჩვენ შენობის ქვეშაც აღმოვაჩინეთ… ვგულისხმობთ შენობის გვერდით არსებულ ჩასასვლელებს, რომლებიც ღიაა…
_ ეს წყალი მანამ დადგა, სანამ ზედა ფენის გაკეთება დაიწყებოდა. ამოქაჩვა უნდა და წყალი აღარ ჩადგება. ეს არანაირ პრობლემას არ შექმნის.
_ როგორც ვიცით, ბევრი პროექტი გაქვთ გაკეთებული და გვაინტერესებს, გინახავთ თეატრი, რომელსაც არც საგრიმიორო აქვს და არც გასახდელი?
_ კი აქვს, მაგრამ მცირე ზომის. იქ ორი ოთახია _ ერთი ქალებისთვის და ერთი _ კაცებისთვის, თავისი საშხაპეებით….
_ ცოტა უცნაურია, მსგავსი რამ იქ ვერ ვიპოვეთ. სცენის გვერდით არსებულ ორ ოთახს თუ გულისხმობთ, იქ ადმინისტრაციის თანამშრომლები და მსახიობები სხედან, რომლებსაც სარეპეტიციო დარბაზიც არ აქვთ…
_ ეს გამოიწვია ფართების შემცირებამ. პროექტის თავდაპირველ ვარიანტში მესამე სართული არსებობდა და ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული. შესაბამისად, შეკვეცა მოხდა ბიუჯეტიდან გამომდინარე _ პრაქტიკულად, განახევრდა ბიუჯეტიც, რაც ბუნებრივია, მოქმედებს როგორც ხარისხზე, ასევე შენობის "გაბარიტებზეც".
_ დარბაზის ბოლო რიგში თუ იჯექით?
_ კი, ვიცი ეს პრობლემა _ ცუდი ხედვაა.
_ ესეც განახევრებული ბიუჯეტის ბრალია?
_ ეს იმის ბრალია, რომ ნებისმიერ თეატრში შეიძლება დარჩეს ადგილი, საიდანაც ხედვა იყოს შეზღუდული.
_ თანამედროვე სტანდარტებზე როცა გვაქვს პრეტენზია, მსგავსი რამ არსად არ ხდება…
_ თანამედროვე სტანდარტებზე თუ ვსაუბრობთ, ბიუჯეტიც შესაბამისი უნდა იყოს, _ მიაჩნია პროექტის ავტორს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლე ჯერ არ ჩაუბარებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფს. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომისიის თავმჯდომარემ ექსპერტიზის დასკვნა მოითხოვა და მშენებლობის ხარისხის განსაზღვრა საკუთარ თავზე არ აიღო.
იმის გამო, რომ ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა მშენებელს ვალდებულებად არ ჰქონდა, მუნიციპალიტეტმა ექსპერტიზაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც შპს "საქართველოს ექსპერტთა კოლეგიამ" მოიგო. ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩინეს და შესაბამისად, მშენებელს თანხაც _ დაახლოებით 50 000 ლარიც დააკლეს:
_ მშენებელს არ ჰქონდა ის სამუშაო შესრულებული, რაც მითითებული იყო და ამიტომ დააკლდა თანხა. ჩვენ თითქმის 1 თვის განმავლობაში ვმუშაობდით მანდ და იმ ხნის განმავლობაში ბევრი ხარვეზი გამოსწორდა ჩვენი მითითებით. რაც არ გამოსწორდა, იმაზე თანხა დააკლდათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა გოჩა გუბელაძემ.
მისივე თქმით, შენობის ხარისხი ვიზუალურად შემოწმდა:
_ ვიზუალურად დამაკმაყოფილებელია ხარისხი. მართლა თვალსაჩინო ობიექტია და ამაყი ვარ, რომ ამ ობიექტის შემოწმება ჩვენ მოგვიხდა. მყარი კონსტრუქცია და მყარი ობიექტია ნამდვილად, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას გუბელაძე.
_ ბატონო გოჩა, ბოლო რიგში მჯდომ ადამიანს რომ შეზღუდვა აქვს მხედველობაზე, ეს შენიშნეთ?
_ ბოლო რიგი, საერთოდ განკუთვნილია შეყვარებულებისთვის(?!). ასე რომ. მთავარია. იქ შეყვარებულები დასხდნენ.
_ პროექტის ავტორი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტის სიმცირის ბრალია და არა კონკრეტული გათვლის…
_ მეც მითხრეს, რომ თავდაპირველი პროექტით უფრო დიდი იყო შენობის მოცულობა და ფინანსების გამო, ერთი სართული მოაკლდა. საერთო ჯამში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კარგად ნაშენი შენობაა და მცირე პრობლემები გამოსწორებადია, _ ამბობს ექსპერტი.
შენობის ქვეშ არსებულ წყალთან დაკავშირებით გოჩა გუბელაძე მიიჩნევს, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს:
_ შენობა ძალიან კარგი ნაშენია, მყარია, მაგრამ გამოკვლევა სჭირდება, რა იწვევს წყლის ჩადგომას _ წვიმის წყალი ჩადის თუ ქვემოდან შემოდის, _ მიიჩნევს გუბელაძე.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ელექტროგაყვანილობა შეიფუთება. ასევე ფიქრობს მიღება-ჩაბარების კომისიაც, სადაც განმარტავენ, რომ მშენებელი დარჩენილ თანხას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდება.