მსოფლიოში კომპიუტერების უმსხვილესი მწარმოებლის "Hewlett-Packard"-ის მოგებამ მიმდინარე წლის სამ კვარტალში 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით ნაკლებია. ამის შესახებ კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი.
აღნიშნულ პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაყიდვები 25%-ით დაეცა, მთლიანობაში, კომპიუტერების რეალიზაცია კი 15%-ით შემცირდა. კომპანიის მიერ წარმოებული სერვერების გაყიდვებმა 10%-ით, პრინტერების რეალიზაციამ კი 7%-ით დაიკლო.
დადებითი დარჩა თანმდევი სერვისების დინამიკა – კომპანიის სერვისების გაყიდვები 30%-ით გაიზარდა. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ "Hewlett-Packard"-ის აქციები 1,28 პროცენტით, 28,57 დოლარამდე გაუფასურდა.
სააგენტო ”ფრანს-პრესი” შეგვახსენებს, რომ აქამდე მოგების შემცირების შესახებ კომპიუტერების კიდევ ერთმა მწარმოებელმა, "Dell"-მა განაცხადა. 2016 წლის პირველ სამ კვარტალში მისი მოგება 18%-ით შემცირდა და 764 მილიონი დოლარი შეადგინა. ამავე დროს შემოსავლები ორი პროცენტით გაიზარდა, 16 მლრდ. დოლარს მიაღწია.