სტამბოლში განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 30 სამართალდამცავია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 155 ადამიანი დაშავდა. ისინი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ. 14 მათგანის მდგომარეობა რთულია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ, სტადიონ "ბეშიქტაშის" სიახლოვეს ორი აფეთქება მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, სტამბოლში, მაჩკას პარკთან მომხდარი მეორე აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა და მისი სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.
თურქეთის შსს-ს მინისტრის განცხადებით, თურქეთის პოლიციამ სტამბოლის აფეთქებებში ეჭვმიტანილი 10 პირი დააკავა.
სტამბოლში გახორციელებული ორმაგი აფეთქების გამო, რომელსაც, ამ დროის ინფორმაციით, 38 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.