”არც ერთი ის ინფორმაცია, რომელიც წარმოვადგინე, არ არის სიცრუე. ბატონო რომან, თქვენ კარგად ერკვევით სახაზინო ოპერაციებში და კარგად იცით, რას ნიშნავს ფულის მასაზე გავლენა", _ ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ უმცირესობის წევრ რომან გოცირიძეს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე გამოსვლისას.
კაკაურიძის თქმით, სამინისტრო კანონის დაცვით მოქმედებს.
"ნაშთის გამოყენება არ ნიშნავს, რომ ფულის მასაზე მოხდა გავლენა. თანხის ნაწილი, რომელიც ნაშთიდან გამოიხარჯება, შესაძლებელია საერთოდ საქართველოში არ იხარჯებოდეს, მათ შორის სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა. ასევე ეროვნული ბანკის მიერ გადახდილი თანხები საერთოდ არ ხვდება საქართველოს ბაზარზე და როდესაც მოგახსენებთ სახაზინო ოპერაციებზე, თუ თქვენ გიჭირთ, არ გაქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, დათვლილს მოგაწვდით, თუ როგორ არის შემცირებული წლის დასაწყისიდან სახაზინო ოპერაციების გავლენით ფულის მასა და რამდენი თანხაა ამოღებული. ერთადერთი ზრდა იყო თებერვალში, იმის შემდეგ ყოველთვის არის ამოღება და ჯამით 250 მილიონი ლარია ამოღებული სახაზინო ოპერაციების შედეგად. რაც შეეხება 180 მილიონს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა სამართლებრივი საფუძველი, ის არის ბიუჯეტში გაწერილი, რომ წლის განმავლობაში წმინდა ზრდა არ უნდა იყოს 200 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა წლის შიგნით აბსოლუტურად უფლებამოსილია ფინანსთა სამინისტრო გამოუშვას დროებითი სახაზინო ვალდებულებები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება აიღოს და დაფარვა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს წარმოდგენილ ცვლილებებს, საჭირო იქნებოდა ამ ვალდებულებების დაფარვა, მისი ნაშთი არის ბიუჯეტში და შესაბამისად, დაიფარებოდა ეს სახაზინო ვადებულებები", _ განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.