ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. 48 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.
ინციდენტი ბერლინში ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და დაახლოებით 50-80 მეტრი გაიარა.
საქმე ტერორისტული აქტის მიმართულებით აღიძრა. მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა, პოლიციამ ის დააკავა.
გარდაცვლილი იპოვეს სატვირთოში მჯდომი კიდევ ერთი მამაკაცი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა, პოლონურ კომპანიას ეკუთვნოდა.
კომპანია კი აცხადებს, რომ მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს. ამჟამად პოლიცია დაკავებულის შესახებ არ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა, ცნობილია, რომ მას კითხავენ.
მთელი ღამის განმავლობაში საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა.