„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მაია რჩეულიშვილს აქვს მარცხენა ფილტვის სიმსივნე და გულის იშემიური დაავადება.
როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაცვის მხარე დღეს სასამართლოს წარუდგენს სამედიცინო დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც ადვოკატები რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.
”ეს არის კომპლექსურად ყველა კლინიკიდან გამოთხოვილი დოკუმენტები, სადაც მაია რჩეულიშვილს ჩაუტარდა კვლევა დღვანდელი დღის ჩათვლით. ყველა ექიმი ხელს აწერს იმ დასკვნას, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, გულის იშემიური დაავადება და აქვს კუჭნაწლავის სერიოზული პრობლემები. გავაცნობთ მოსამართლეს ამ დოკუმენტაციას, ასევე ბრალდების მხარესაც და ვფიქრობთ, ობიექტური იქნება მოსამართლის მხრიდან ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება”, _ განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ მაია რჩეულიშვილი 50 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს, ვინაიდან მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება და შესაბამისად, სასამართლოს უფრო მეტ თანხას ვერ შესთავაზებენ.