დღეს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქის, ნათია ვაშალომიძის სარჩელი განიხილა. ვაშალომიძის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციის _ “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ იურისტი ანანო ცინცაბაძე იცავდა.
მოსარჩელე იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილობას ითხოვდა, რომლითაც დასაშვები გახდა, აპოლონ წულაძის ქუჩისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის გაჭრა. ბათილობის საფუძვლად მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილა მოწონებული საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით, ამას გარდა, მოსარჩელე მხარე ქუჩის გაჭრამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ითხოვს.
მოსამართლე ბიძინა სტურუამ, სასამართლო პროცესი ახსნა-განმარტების ეტაპიდან გადადო, ვინაიდან ჩათვლა, რომ შესაბამისი სამინისტროდან და საკრებულოდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა იყო საჭირო.
ანანო ცინცაბაძე, იურისტი: “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ჩვენთვის სასარგებლოდ დასრულდება, ვინაიდან პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევას ვამტკიცებთ და მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობა დარღვეულია ამ პროცედურაში და ვფიქრობთ, რომ სასამართლო რაღაც ნაწილში სწორ კითხვებს სვამდა და პროცესი მიდიოდა ზუსტად იმ ლოგიკის განვითარებით, როგორც ჩვენ გვაქვს სარჩელი აწყობილი“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ იურისტი, მისივე თქმით, ის ასაბუთებდა, ასევე, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ ყოფილა საკრებულოს მიერ მოწონებული:
“რომც ყოფილიყო მოწონებული აღნიშნული დოკუმენტაცია საკრებულოზე, ის იყო აცდენილი იმ სამუშაოსთან, რაც შესრულდა. ის ითვალისწინებდა დამატებით სხვა განსხვავებულ სამუშაოს, რომელიც ამ პროცესის ფარგლებში მოწონებული არ იქნა“.
ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებს შორის მდებარე 9 აპრილის პარკში საავტომობილო გზის გაყვანა ამ დრომდე საზოგადოების ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განხილვის თემად რჩება.
ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნავს, რომ გზის გაყვანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას გაზრდის და მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს.
"დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით, კანონის სრული დაცვით არის გაკეთებული", _ ამბობს სიორიძე.
მოქალაქეების ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ სარეკრეაციო ზონაში გზის გაყვანა კნონის დარღვევაა და სიორიძეს მშენებლობის შეწყვეტასა და პარკის აღდგენას სთხოვენ.
ამავე თემაზე: ბეგლარ სიორიძე:“რაღაცა ჭირი გვჭირს და როგორმე უნდა მოვიშოროთ“ _ დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე