თურქეთის ხელისუფლებამ განათლების სამინისტრის 1980 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავსუფლა. ამის შესახებ გამოცემა Milliyet-ი იტყობინება. თურქული მედიის ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებულები აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
გამოცემის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა შორის არიან როგორც სამინისტროს თანამშრომლები, ისე სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები.
15 ივლისის არშემდგარი ამბოხის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილ და უფლებამოსილებაშეჩერებულ პირთა საერთო რაოდნეობა 110 ათასს აჭარბებს.
მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ თურქეთში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს 37 ათას ადამიანს, მათ შორის ოპოზიციური გამოცემების ჟურნალისტებს და პროქურთული ოპოზიციური “სახალხო დემოკრატიული პარტიის” ლიდერებს.
ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად ფეთჰულა გიულენი ბრალდებას უარყოფს.