„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის „ოქროს მოწმე“ შოთა შანიძე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან სასჯელაღსრულებიდან სხვა დაწესებულებაში (დაწესებულებას შეგნებულად არ ვასახელებთ, ავტ.) გადაიყვანეს.
როგორც „ გურია ნიუსს“ სანდო წყარომ აცნობა, შოთა შანიძე, რომელიც პროკურატურასთან რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე თანამშრომლობს, რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან 14 დეკემბერს გადაიყვანეს. როგორც წყარო ამბობს, შანიძის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა.
“შანიძემ რამდენიმე საქმეზე ითანამშრომლა პროკურატურასთან და მისი ჩვენებების საფუძველზე პირები პასუხისგებაში მიეცნენ, აქედან გამომდინარე, უსაფრთოების ნორმების დაცვისთვის მისი გადაყვანა გახდა საჭირო”, _ ამბობს წყარო.
თუმცა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მათ პატიმრის შესახებ პირადი ინფორმაციის გაცემის უფლება კანონით არ აქვთ.
„პატიმრის გადაყვანასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გვაქვს ვალდებულება აუცილებლად შევატყობინოთ მის ოჯახს. სხვა ინფორმაციას მასთან დაკავშირებით, თანხმობის გარეშე ვერ გავამჟღავნებთ“, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ შოთა შანიძესთან დაკავშირებით „გურია ნიუსის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში ვსაუბრობდით.შანიძე პროკურატურის „ოქროს მოწმე“ რამდენიმე საქმეზე იყო, მათ შორის, ცნობილი ისტორიკოსის, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის12 წლის წინ მომხდარი მკვლელობისა და 11 წლის წინ მომხდარი ირაკლი გურაბანიძის მკვლელობის საქმეზე.
როგორც უკვე არაერთხელ ვწერდით, შოთა შანიძე საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმესთან, გიორგი მორჩილაძესთან ერთად, მისივე მტკიცებით, ზემოთ აღნიშნულ მკვლელობებს 2004-2005 წლებში შეესწრო, თუმცა, 2015 წლამდე აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურისთვის არ მიუმართავთ. ორივე მოწმეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენებები უკვე მიცემული აქვთ.
დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის (ამჟამად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამართლებულის) ასლან ბეჟანიძის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეამბობს, რომ შანიძეს პროკურატურასთან თანამშრომლობა დაუფასდა და მას ციხის პირობები გაუუმჯობესეს.
„ჩემთვის დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუ რატომ გადაიყვანეს შანიძე სხვა ციხეში, თუმცა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ მის მიმართ გარკვეული, ძალიან დიდი შეღავათები ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ეს ადამიანი თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, მრავალ საქმეში ის არის მთავარი მოწმე და ამბობს, რომ დაინახა როგორ ჩაიდინა კონკრეტულმა პირებმა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ადამიანი ეხმარება სხვადასხვა გაუხსნელი საქმის გახსნაში პროკურატურას ისე, რომ რეალურად საქმის თვითმხილველი მოწმე არ არის. შესაბამისად, მას ჰპირდებოდა სახელმწიფო რომ გაუკეთებდნენ შეღავათს და ამის იმედით ახორციელებს სრულიად უკანონო, ამაზრზენ ქმედებებს,როცა ის უდანაშაულო ადამიანებს ხელს ადებს და აბრალებს დანაშაულების ჩადენას.
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემხვედრი ნაბიჯი გარკვეულწილად, როცა შეღავათები უკეთდება. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, და მან ეს პროცესებზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ის იმყოფებოდა ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, იმ ციხეში, რომელშიც მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები იმყოფებიან. ეს ციხე ითვლება ყველაზე დიდი რისკის ზონად, თუმცა შანიძე უკვე გადაიყვანეს სხვა ციხეში,სადაც სხვა კატეგორიის პატიმრები არიან“,_აღნიშნავს კაკაბაძე.
კითხვაზე: ქმნის თუ არა შანიძის გადაყვანა ამ ციხეში მყოფი პატიმრებისთვის საფრთხეს, ადვოკატი ამბობს:
„შანიძე გახლავთ რამდენიმე უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდებული, 33 წელი ჰქონდა მისჯილი ორი ადამიანის მკვლელობისა და ერთის დაჭრისთვის, ახლა იხდის სასჯელს ციხეში მომხდარი მკვლელობისთვის, რა დროსაც პატიმარი გიგა ფარტენაძე გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ნათელია რამდენად საფრთხისშემცველია„ ამ ციხეში მყოფი პატიმრებისთვის შანიძის ამ ციხეში ყოფნა.
მინდა, გავაფრთხილო ყველა პატიმარი, ერიდონ ამ ადამიანს, შანიძე გახლავთ საშიში საზოგადოებისთვის, პატიმრებისთვის და არა მარტო პატიმრებისთვის, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისთვისაც. მან წლების განმავლობაში რამდენიმე უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, როგორც ამას ჩვენ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენებიდან ვიგებთ“, _ ამბობს კაკაბაძე და დასძენს, რომ შანიძისთვის შეღავათების გაკეთებით პროკურატურამ შესაძლოა ერთგვარად წააქეზოს სხვა პატიმრებიც, რომ საგძმოძიებო უწყებებთან ითანამშრომლონ.
„სახელმწიფომ დაუშვა ასეთი პრეცედენტი, რომ პატიმარი უმძიმეს დანაშაულებში ამხელს უდანაშაულო ადამიანებს, ეხმარება პროკურატურას საქმეების გამოძიებაში. ადამიანი რომელიც ფიცის ქვეშ აძლევს ცრუ ჩვენებას და ის არის სახელმწიფოს მხრიდან შეღავათიან პირობებში, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ უაღრესად საშიში პრეცედენტი. ეს წაახალისებს უამრავ პატიმარს. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ იხდიან სასჯელს, შეიძლება ამ შეღავათების მიღების სურვილით დამნაშავეებად გადაიქცნენ.
ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ეს არ არის ერთადერთი პრეცედენტი, ძალიან კარგად ვიცით, რომ გამართლებული ასლან ბეჟანიძის სისხლის სამართლის საქმეზე მთავარი მოწმეები იყვნენ გიორგი მორჩილაძე და ლევან ბოჭორიშვილი, ორივე მათგანს სახელმწიფოს მხრიდან რამდენჯერმე გაუფორმდათსაპროცესო შეთანხმება. მორჩილაძე, როდესაც მან ჩვენება მისცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასლან ბეჟანიძის მიმართ, პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა ჩვენების მიცემიდან მალევე, საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა სასჯელისგან. რის სანაცვლოდ გაუკეთეს მას საპროცესო შეთანხმება რამდენჯერმე, სწორედ ეს არის საინტერესო“,_აღნიშნავს კაკაბაძე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებისას, დავითო თხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატი აქამდეც აცხადებდა, რომ შანიძის პროკურატურასთან თანამშრომლობა გარკვეული შეღავათების მიღებით იყო განპირობებული.
კერძოდ, ადვოკატი აცხადებდა, რომ შოთა შანიძე თანამშრომლობისთვის, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლონ, მეორე მოწმემ, გიორგი მორჩილაძემ კი, შეღავათებით უკვე ისარგებლა.
“სისხლის სამართლის კოდექსის 373 პრიმა მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად შესაძლოა გადაიხედოს მისი სასჯელი. კერძოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მისი უშუალო ხელშეწყობით იქმნება ამ დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები, საქართველოს მთავარ პროკურორს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მსჯავრდებულის სასჯელის ვადის შემცირების ან სასჯელის სახის შეცვლის, ან სასჯელისგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე. სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შანიძე ამ მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან.
შანიძეს წარსულში არაერთი დანაშაული აქვე ჩადენილი, 33 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა შემცირებული სასჯელით 2 წელიწადში ციხიდან გამოსვლა უწევდა, პენიტენციალურ დაწესებულებაში თანასაკნელი გიგა ფარტენაძე რომ არ მოეკლა. და დღეს პროკურატურა აპირებს, რომ ეს ადამიანი გამოიყენოს სხვადასხვა საქმეებში დანაშაულის გასახსნელად, რასაც აუცილებლად მოყვება მისთვის სხვადასხვა შეღავათები და შოთა შანიძეც, გიორგი მორჩილაძის მსგავსად, მალევე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას”, _ აღნიშნავდა კაკაბაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
„_რაც შეეხება გიორგი მორჩილაძეს, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, 2013 წელს ძალიან შეღავათიან პირობებში გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, იმ საქმის პროკურორი იყო ასლან ბეჟანიძის საქმის პროკურორის ბატონი ამირან გულუაშვილი. პროკურორის კითხვაზე თუ რა დანაშაულისთვის გასამართლდა ის ბოლოს, მორჩილაძემ უპასუხა, რომ რესტორანში დააკლდა ფული და მოწმემ დაადასტურა, რომ ამ საქმეშიც მას იმავე პროკურორის მიერ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ანუ, 2013 წლის საპროცესო შეთანხმების შემდეგ, მოკლე დროში, ის კვლავ სჩადის დანაშაულს, საპატიმრო დაწესებულებაში ხელს აწერს ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ წინასწარ შედგენილ ჩვენებას, ჩვენებაზე ხელის მოწერიდან სულ მოკლე დროში კვლავ შეღავათიანი პირობებით უფორმდება საპროცესო შეთანხმება და თავისუფლდება პატიმრობიდან. საყურადღებოა ისიც, რომ მორჩილაძე და შანიძე ასლან ბეჟანიძის წინააღმდეგ შედგენილ ჩვენებაზე ხელის მოწერის დროს ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ეს ორი პიროვნება 2008 წელს ერთად გაასამართლეს განზრახ მკვლელობისთვის“, _ ამბობდა ადვოკატი.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით როგორც ოთხმეზურის, ასევე გურაბანიძის მკვლელობის საქმეების პროკურორი ამირა ნგულუაშვილი აცხადებდა, რომ დაცვის მხარის სტრატეგია მოწმეების დისკრედიტაცია იყო და მათ შეღავათებით არ უსარგებლიათ.
„თუ შოთა შანიძემ ინფორმაცია მოგვაწოდა, მისი დაინტერესება იყო, რომ გარკვეული სახის შეღავათი მიეღო, რაც სასჯელის შემცირებაში გამოიხატებოდა, მაშინ რა გვიშლიდა ბრალდების მხარეს ხელს, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად წარმოგვედგინა სასამართლოში, მით უფრო, როდესაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მისი ჩვენება შესაძლოა, ატარებდეს მტკიცებულების ხასიათს?! რაც შეეხება ნასამართლეობას, როგორც მოწმის სანდოობის კრიტერიუმს, ნასამართლეობის შესახებ მოწმეს კითხვა შესაძლოა დაუსვათ მისი სანდოობის დადგენისას, მისი სანდოობის შეფასებისას, პირის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება დაკავშირებული უნდა იყოს ან იმ დანაშაულთან, რომელთან დაკავშირებითაც მოწმე იკითხება, რასაც ადგილი არ ჰქონია დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით“, _ განაცხადა მაშინ პროკურორმა გულუაშვილმა.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულის, ასლან ბეჟანიძის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ სწორედ ამ დეტალზე გაამახვილა ყურადღება და განაჩენში მიუთითა:
„რამდენიმე პირის მიერ (შოთა შანიძე, ლევან ბოჭორიშვილი, გიორგი მორჩილაძე) საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ თითქოს 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები არიან, ბუნებრივია, იმთავითვე, შემოწმების გარეშე, სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება“.
სასამართლო მინიშნებას აკეთებს იმ პირთა ჩვენებებზე, რომლებსაც საქმის შედეგთან დაკავშირებით არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ და მათ ზემოთ აღნიშნულ მოწმეებისგან განსხვავებით, თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი კეთილსინდისიერად მოიხადეს ჯერ კიდევ 2004 წელს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში.
ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, გარდა ამ პირების ჩვენებისა, რომლებსაც წლების შემდეგ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდათ, კიდევ რა მტკიცებულებები წარუდგინა ბრალდების მხარემ სასამართლოს, რომელიც ასლან ბეჟანიძის ბრალეულობას დაადასტურებდა.
თუმცა, განაჩენში აღნიშნულია, რომ: „მაგალითისთვის, შ. შანიძისა და გ. მორჩილაძის მიერ მოწოდებული ერთიდაიგივე შინაარსის ინფორმაცია მოცემულ შემთხევვაში არ არის გადამწყვეტი. ერთიც საკმარისი იქნებოდა, მთავარია, ამ ყველაფერმა რამდენად შექმნა დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები ანუ, რა უტყუარი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ ბრალის დასადასტურებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებული ინფორმაცია საქმეში ქმნის ფორმალურ, მაგრამ უტყუარობის (სანდოობა, სარწმუნოობა) მოკლებულ მტკიცებულებათა ერთობლიონის განცდას. მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის საფუძველზე რა ნაბიჯები გადაიდგა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან…“, _ აღნიშნულია განაჩენში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ერთი მხრივ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საჯარო ინტერესი, გამოვლინდეს დანაშაულის ჩამდენი პირი და ის დაისაჯოს კანონის შესაბამისად, მეორე მხრივ კი, დაცული უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს – 10, 15, 20 წლის შემდეგაც შესაძლოა გამოჩნდეს საგამოძიებო ორგანოსთან დაახლოებული (თანამშრომლობა) პირები, რომლებიც განაცხადებენ წლების წინ მომხრარ დანაშაულზე, რომ არიან თვითმხილველები, სინამდვილეში კი, მათ მომხდართან დაკავშირებით, უბრალოდ შესაძლოა ჰქონდეთ ინფორმაცია (ყურმოკრული, განაგონი), ხოლო ბრალდებული კი, მიუხედავად საქმეში სხვა უტყუარი მტკიცებულების არ არსებობისა, ფაქტიურად ვერაფრით დაიცავს თავს, რადგან ამ უკანასკნელს ამხელს „სამი მოწმე“. ასეთი დაბალი წონის მქონე მტკიცებულების მიღების შემთხვევაში ქვეყნის არცერთი მოქლაქე არ იქნება დაცული. საქმეში სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც არა თუ ასლან ბეჟანიძის ბრალეულობას, არამედ, შოთა შანიძის, ლევან ბოჭორიშვილისა და გიორგი მორჩილაძის შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ყოფნას დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია“, _აღნიშნულია განაჩენში.
ამავე თემაზე:
ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები