"გასულ წელს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული დაბლაციხე-ბუკისციხის საავტომობილო გზის მონაკვეთის აღდგენა დასრულდა", _ ეს ინფორმაცია, შესაბამის ფოტომასალასთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 11 იანვარს გამოქვეყნდა.
ამ პოსტს მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას კომენტარიც მოჰყვა: "ძალიან რთული მონაკვეთი იყო, რადგან მეწყერული თვალსაზრისით არამდგრადია. პროექტი თამაზ შილაკაძის საპროექტო კომპანიამ შექმნა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ წელს სურების დიდი პროექტი იწყება და ამ მონაკვეთს დატვირთვა ექნება", _ წერს გამგებელი.
ამგვარი წინასწარ თავის დამზღვევი პოსტის მიუხედავად, გამგებელს იმედები ძალიან ადრე გაუცრუვდა _ გზა, რომლის შეკეთება გადასახადის გადამხდელებს 206 970 (15 000 ლარი _ პროექტის ღირებულება და 191 970 ლარი სამშენებლო სამუშაოები) დაუჯდათ, უკვე დაზიანებულია.
არადა, მიღება-ჩაბარების კომისიამ, რომლის თავმჯდომარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერიაა, ეს გზა სულ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა.
როგორც მინდია ჟღერია ამბობს, ალბათ, "იანვრის დასაწყისში":
_ ზუსტად არ მახსოვს რიცხვი. იანვრის დასაწყისი იყო, _ განმარტავს კომისიის თავმჯდომარე.
დეტალებს რომ ქრონოლოგიურად მივყვეთ, მთავრობის #2284 განკარგულების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, 2015 წლის 18 ნოემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს "საქგზამშენმეცნიერებას", რომელსაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ჩოხატაური-ბუკისციხის გზის დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენის საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა 2016 წლის 20 იანვრამდე უნდა შეედგინა.
საპროექტო დოკუმენტაციის თანდართულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: "კაპიტალური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების დამუშავება და გახორციელება (საყრდენი კედლები, ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები და სხვა) დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე, საჭიროებს ეტალურ-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გათვლითი სამუშაოების ჩატარებას. ამიტომ, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გადაწყდა დროებითი პროფილაქტიკური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების დამუშავება, რაც უზრუნველყოფს მეწყრული ფერდისა და შესაბამისად, მიწის ვაკისის მდგრადობას გარკვეული პერიოდით.
პროექტს ექსპერტიზის დასკვნაც ახლავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მეწყრის სტაბილიზაციისა და მიწის ვაკისის აღდგენის კაპიტალური გადაწყვეტისთვის საჭიროა კაპიტალური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. (ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების და საყრდენი კედლების მოწყობა) რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამჯერად, პროექტით გადაწყვეტილია დროებითი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რაც გარკვეულწილად უზრუნველყოფს მეწყერული ფერდისა და შესაბამისად მიწის ვაკისის დროებით სტაბილიზაციას".
ბუკისციხის გზის ეს ნაწილი, ჯერ კიდევ კომუნისტური დროიდან, მეწყერულად ითვლება და მის შეკეთებაზე სხვადასხვა პერიოდში გამოყოფილ თანხებს თუ შევკრებთ, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მონაკვეთი გამოვიდეს; ამჯერად, გზის მონაკვეთის დაახლოებით 20 დღით აღსადგენად, ბიუჯეტიდან თითქმის ორასი ათასი ლარი დაიხარჯა!
საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, 202 560.00 ლარის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2016 წლის 16 სექტემბერს გამოცხადდა _ როგორც გამგეობის შესყიდვების სამსახურში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ფული გამოყო.
ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა _ შპს "უნივერსალმა" შემსყიდველს სამუშაოების შესრულება 166 777.00 ლარად შესთავაზა, ხოლო შპს "ახალმშენმა" _ 191 970.00 ლარად.
კანონის თანახმად, გამარჯვებულად შპს "უნივერსალი" გამოცხადდა, თუმცა, სატენდერო კომისიამ "უნივერსალს", როგორც ოფიციალურ დოკუმენტაციაში წერია, ტექნიკური ხარვეზი დაუდგინა და დისკვალიფიცირებული ფირმის ნაცვლად, გამარჯვებულად შპს "ახალმშენი" გამოცხადდა. დისკვალიფიკაციის ოფიციალურ მიზეზად დოკუმენტაციის არასრული ატვირთვა დასახელდა, რასაც შპს "უნივერსალის" წარმომადგენელიც ადასტურებს. თუმცა, კითხვაზე, რატომ არ ატვირთეს დოკუმენტები, როცა ამხელა პროექტი ჰქონდათ მოგებული, დაზუსტებული პასუხი არ აქვთ:
_ ჩვენი ბრალი იყო, სხვისი არავის, _ განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი ლევან დობორჯგინიძე.
_ ამბობენ, რომ გარიგებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ეს გახდა მიზეზი დოკუმენტების არ ატვირთვის…
_ არავითარი გარიგება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ვერ ავტვირთეთ დოკუმენტაცია, რაც ჩვენი პრობლემა იყო და ამიტომ მოგვცეს დისკვალიფიკაცია, _ თქვა დობორჯგინიძემ.
მშენებელმა _ შპს "ახალმშენმა" (ხელმძღვანელი ამირან ბასილია), სამუშაოების შესრულების პროცესში პროექტში ცვლილებების შეტანა მოითხოვა და შესაბამისი წერილით მიმართა გამგეობას.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ შპს "ახალმშენის" წერილი დამპროექტებელ ორგანიზაციას 2016 წლის 25 ნოემბერს გაუგზავნა იმის გასარკვევად, დასაშვები იყო თუ არა შემსრულებელი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი კორექტირების შეტანა პროექტში.
ამ წერილს შპს "საქგზამეცნიერებამ" 2016 წლის 28 დეკემბერს ასე უპასუხა: "პროექტით გათვალისწინებულია გაბიონების მოწყობა 34 გრძივ მეტრზე და ძელყორის მოწყობა 33 გრძივ მეტრზე. იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა საპროექტო მონაკვეთზე გზის ღერძის ნაწილობრივ გადაწევას ფერდის მხარეს და ამასთან დაპროექტებული გაბიონის კედლის კვეთში დღეს არსებული ე. წ. მხეიძის კედლები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მშენებელი შემოდის წინადადებით, რომ გაბიონის კედლის მოწყობის სამუშაოები ამოღებული იქნას საპროექტო მოცულობიდან, ხოლო ძელყორის მოწყობა გახორციელდეს მხოლოდ 22 გრძივ მეტრზე სიმაღლით 3 მეტრი. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული თანხის ხარჯზე საჭიროდ მიაჩნიათ, დაგრძელდეს ზედა საყრდენი კედელი 48 გრძივი მეტრის ნაცვლად 84 გრძივ მეტრამდე ანაკრები ბეტონის ბილიკების გამოყენებით. შპს "საქგზამეცნიერებას" შესაძლებლად მიაჩნია დროებითი ღონისძიების სახით გახორციელდეს აღნიშნული ცვლილებები სახელშეკრულებო ფარგლებში და ამასთან ანაზღაურება მოხდეს ფაქტიური შესრულებული მოცულობების მიხედვით (წერილის სტილი დაცულია. რედ.)".
ამდენად, პროექტში ცვლილებები, შემსრულებელი ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, უპრობლემოდ შევიდა. ამის შემდეგ სამუშაოები გახორციელდა, თანხა დაიხარჯა, თუმცა, ობიექტის ჩაბარებიდან ერთი თვის თავზე, გზა ისევ გასკდა და დაზიანდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას სამუშაოები 2016 წლის 20 დეკემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა, მიღება-ჩაბარების კომისიამ ვადა 10 იანვრამდე გაუგრძელა. როგორც მინდია ჟღერია ამბობს, ამის მიზეზი ცუდი ამინდები გახდა.
შპს "ახალმშენის" ხელმძღვანელი, ამირან ბასილია ამბობს, რომ გზის დაზიანებასთან პროექტში შეტანილ ცვლილებები არაფერ შუაშია. მშენებელი არ გამორიცხავს, რომ გზა კიდევ უფრო დაზიანდეს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ ჰქვია "დროებითი".
_ ბზარი მოსალოდნელი იყო ნაყარ მიწაზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ამირან ბასილიამ.
_ თავიდანვე იცოდით, რომ ახალგაკეთებული გზა დაზიანდებოდა?
_ ეგ მეგზევეებისთვის დასაშვებია. ეს რომ ვიცოდით, იმიტომაც შევწიეთ შიგნით 4 მეტრი.
_ ბატონო ამირან, რა არის დასაშვები მეგზევეებისთვის _ გაკეთებული გზის ერთ თვეში დაზიანება?
_ უნდა გასულიყო ერთი-ორი წელი და მერე უნდა გადაგებულიყო ასფალტი. იქ თხმელის ბოძებია ჩაწყობილი, რომელიც ვიბრაციას ვერ გაუძლებდა, შესაბამისად, ვერც დავტკეპნიდით. ამიტომ დაჯდა და გაიბზარა. მანდ სხვა ასფალტი გადაეგება.
_ გაბზარულ გზაზე თავიდან გადააგებთ ასფალტს?
_ გაზაფხულზე ამოიჭრება ის მონაკვეთი, სადაც არის ჩავარდნილი და გადაეკვრება.
_ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის გაკეთებული?
_ არა. ვინც არ უნდა მოვიწვიოთ, ამას დაამტკიცებს. გზა დროებითია და ეს თავიდანვე იყო გაცხადებული. დასაშვები და მოსალოდნელია, რომ ყოველ თვეს ასე მოხდეს.
_ ამბობთ, რომ ყოველ თვეში შეიძლება ბზარი გაჩნდეს? ანუ, 200 000 ლარი წყალს გავატანეთ?!
_ რატომ წყალს? გზა შენარჩუნებულია.
_ შეგიძლიათ დაზუსტებით, დოკუმენტების საფუძველზე გვითხრათ, რომ ეს დაზიანება თქვენს მიერ მოთხოვნილი, პროექტში შეტანილმა ცვლილებებმა არ გამოიწვია? ვგულისხმობ, გაბიონების ამოღებას, ძელყორის სიგრძის შემცირებას…
_ გაბიონები სხვა ადგილზე უნდა გაკეთებულიყო. ამ პრობლემასთან კავშირი არ აქვს.
_ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი _ ექსპერტიზის დასკვნა გაქვთ?
_ ეგ თვითონ გამგეობის კომისიამ უნდა მოითხოვოს, _ გვითხრა ბასილიამ და განმარტა, რომ პროექტში ცვლილება პროექტის ავტორის თანხმობით შევიდა.
ჩვენთან საუბარში მეგზევე სპეციალისტები ამბობენ, რომ გაბიონების მოწყობა, რომლის აუცილებლობა შპს "ახალმშენმა" ამ პროექტის გახორციელების დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ყველაზე უფულო საქმეა და დიდი მოგება სხვა, ნაკლებად კონტროლირებადი სამუშაოების დროს რჩება.
გამგეობის მიღება-ჩაბარების კომისიაში ვერ გვპასუხობენ, თუ რამ გამოიწვია ახალგაკეთებული გზის სერიოზული დაზიანება. კომისიის თავმჯდომარემ მინდია ჟღერიამ არც ის იცის, არის თუ არა ეს კავშირში პროექტში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც კომისიას არც კი განუხილავს!
უფრო მეტიც, კომისიამ, რომელიც გამგეობას ექვემდებარება და რომლის შემადგენლობაში გია გიორგაძე, ნოდარ ჟღენტი, ნინო სიხარულიძე და ირაკლი მეგრელიშვილი შედიან, ობიექტი ისე ჩაიბარა, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება არ მოუხდენია. არადა, როგორც წესი, გახორციელებული პროექტების ჩაბარებისას, კომისია მოცულობასთან ერთად, ხარისხის ექსპერტიზასაც ითხოვს.
"ინსპექტირების ჯგუფის მიერ, დამკვეთის თანდასწრებით, გამოსაკვლევი ობიექტების ადგილზე ჩატარებული იქნა ხილული სამუშაოების ფაქტიური მდგომარეობით საკონტროლო აზომვები, აზომვებით მიღებული მოცულობები, ფასები დადარდა წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტის და ხელშეკრულებაზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვის მოცულობებს და ფასებს. შრომითი რესურსის, მანქანა-მექანიზმების და გამოყენებული სამშენებლო მასალების ერთეულის ფასები შესაბამისობაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებულთან", _ წერია შპს "არდას" მიერ დაწერილ დასკვნაში და აქვე ხაზგასმულია: "ვიზუალური დათვალიერებით, შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია".
საექსპერტო კომპანიის ექსპერტი ზაზა ენდელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გააკეთეს ის, რაც დაუკვეთეს:
_ შპს "ახალმშენმა" მხოლოდ მოცულობის ექსპერტიზა დაგვიკვეთა და შესაბამისად, გავაკეთეთ მხოლოდ მოცულობის. რაც შეეხება ხარისხს, როცა ობიექტზე ხარისხი მოწმდება, ლაბორატორიული დასკვნებიც კეთდება. საკმაოდ დიდი სამუშაოა. ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია გზის დაზიანება. ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, თუმცა, დეტალების დასადგენად კვლევაა საჭიროა. დასკვნის გარეშე რთულია იმის თქმა, ეს მშენებლის ბრალია თუ გარემო პირობების, _ გვითხრა ენდელაძემ.
მინდია ჟღერიას არც იმაზე აქვს პასუხი, რატომ არ მოსთხოვეს შპს "ახალმშენს" ხარისხის ექსპერტიზა, რატომ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ მოცულობითი ექსპერტიზით და ვიზუალური დათვალიერებით ხარისხის შეფასებისას.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნათესავის _ ბექა შარაშიძის ინტერესებს, რომელიც, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, აღნიშნულ გზას აკეთებდა, გვპასუხობს, რომ _ არა:
_ ზუსტად არ ვიცი, არ მახსოვს, სხვა კომპანიებისგან ვითხოვთ თუ არა ხარისხის ექსპერტიზას. ორშაბათს გადავამოწმებ დეტალებს და გეტყვით. რაც შეეხება შარაშიძეს, მასთან შეხება არ გვქონია. ჩვენი კონტრაქტორი შპს "ახალმშენი" იყო, _ ამბობს მინდია ჟღერია.
ამირან ბასილია კი განმარტავს, რომ ბექა შარაშიძე მასთან მხოლოდ სამუშაოების ზედამხედველად მუშაობდა:
_ ეს მისი გზა რომ იყო, მხოლოდ მაგიტომ ჰქონდა დაინტერესება, _ ამბობს ბასილია.
_ რას ნიშნავს, "მისი გზა" და რა დაინტერესებას გულისხმობთ?
_ რომ ხარისხიანად გაკეთებულიყო… მე მყავდა აყვანილი სამუშაოს შესასრულებლად და საქმეს აკეთებდა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას შპს ახალმშენის ხელმძღვანელმა.
თავად ბექა შარაშიძე ამბობს, რომ ის ჩვეულებრივი მუშა იყო, თუმცა, დასძენს, რომ "ბუკისციხელები ჰყავდა დასაქმებული"(?!):
_ მე ვიყავი უბრალოდ დასაქმებული, _ გვითხრა შარაშიძემ.
_ კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, სამუშაოებს ზედამხედველობდით…
_ ვმუშაობდი როგორც მუშა და ბუკისციხელები დასაქმებული მყავდა.
_ თუ მუშა იყავით, სხვებს როგორ ასაქმებდით?
_ ამირან ბასილიას ფირმა ასრულებდა სამუშაოებს.
_ და თქვენ რა სტატუსით ასაქმებდით სხვებს?
_ ამირანი ურიცხავდა ხელფასს. მე მხოლოდ წამოვიყვანე ბუკისციხიდან თანამშრომლები.
შარაშიძე ამბობს, რომ შესრულებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ამირან ბასილიას ევალება და თვითონ მხოლოდ ბასილიას დავალებით მოქმედებდა:
_ მე მხოლოდ ხელფასს ვიღებდი. სხვა რამეზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ვაკეთებდი იმას, რასაც ამირანი მავალებდა. კეთდებოდა ისე, როგორც თითონ ამბობდა. იბარებდა ამირანი და საბოლოოდ ჩაიბარა ექსპერტიზამ.
_ ექსპერტიზა ხარისხზე არ ჩატარებულა, მხოლოდ ერთი შეხედვით _ ვიზუალურად შეფასდა. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენი "დამსახურებაა", რადგან გამგებლის ნათესავი ხართ…
_ მიღება-ჩაბარების აქტთან შეხება არ მქონია.
_ სხვა შემთხვევაში, შემსრულებლებს, როგორც თავად გვეუბნებიან, ხარისხის ექსპერტიზასაც სთხოვენ…
_ ეს ტყუილია. ვინ რას ამბობს, არ ვიცი, მაგრამ მე ამასთან არანაირი შეხება არ მაქვს, _ გვითხრა შარაშიძემ.
აღნიშნული პროექტის გახორციელებასთან ახლო ნათესავის კავშირს და საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ ხარჯვას უარყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა, რომლის თქმით, "5-მეტრიანი გზა გაწკრიალებულია და მოსახლეობასაც პრობლემები მოხსნილი აქვს":
_ რას ჰქვია, ფული იშოვა ჩემმა ნათესავმა?! იქ ბექა შარაშიძე იმუშავებდა თუ სხვა, მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბუკისციხელები მუშაობდნენ კონტრაქტით. ჩვენთან პასუხისმგებელია "ახალმშენი", რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში და მან ვინ იქირავა, ეს ჩემი საქმე არ არის, _ განმარტავს გამგებელი.
_ ბატონო ირაკლი, წლებია, გზის ამ კონკრეტული მონაკვეთის გაკეთებაზე ასი ათასობით ლარი იხარჯება. გეოლოგიურ დასკვნაში გარკვევით წერია, რომ სხვა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ კაპიტალურად გაკეთდეს. თუ ჩააყენეთ საქართველოს მთავრობა საქმის კურში, თუ უთხარით, რომ 200 000 ლარს "დროებითი" გზის გაკეთებაში იხდიდით?
_ ამაზე საუბარი იყო. პროექტის წინასწარ მომზადების დროს შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი _ მილიონიანი პროექტი და ეს. მილიონიანს ვერ გავაკეთებდით _ ამდენ ფულს არავინ მოგვცემდა; ამიტომ, არჩევანი შევაჩერეთ ამაზე და ვფიქრობ სწორადაც _ 200 000 ლარად გვაქვს ხუთმეტრიანი გზა.
_ ვისთან ერთად გადაწყვიტეთ, არჩევანი ამ პროექტზე შეგეჩერებინათ?
_ ცენტრალურ ხელისუფლებას წარვუდგინეთ ის პროექტი, რაც გაკეთდა და ამის შესაბამისად დაგვაფინანსეს.
_ ის არ გითქვამთ, რომ გზის კაპიტალური შეკეთებისთვის ერთი მილიონი ლარი იყო საჭირო?
_ მაგაზეც გვქონდა საუბარი. სხვათა შორის, მაგ თანხის გამოყოფა იმდროინდელი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის დამსახურებაა, რომელმაც პირადად ნახა ეს ადგილი. მაშინ ითქვა, რომ რთულია მილიონიანი დაფინანსების მოპოვება და წავედით ამ მიმართულებით.
_ ამიტომ შეიძლება ყველა წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ 200 000 გადავყაროთ წყალში?
_ რატომ? ამ გზას არ ჭირს არაფერი. ზედმეტია თქვენი კითხვა _ 202 ათასი ლარი დაიხარჯა იმაზე, რომ გაკეთებულიყო ხუთმეტრიანი გზა, არ ჩამოშლილიყო კლდეები (?!) და მოსახლეს არ დაცემოდა თავში. ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად გაკეთდა და შეგვიძლია ნებისმიერ ექსპერტთან, მშენებელთან ერთად შევამოწმოთ, _ გვითხრა კუჭავამ.
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მსგავს საუბარს ვერ იხსენებს, თუმცა, ამბობს, რომ ხარისხიანად გაკეთებული ყოველთვის სჯობს უხარისხოდ გაკეთებულს:
_ დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. არ გამოვრიცხავ, რომ მასე ყოფილიყო, რადგან წლის ბოლოს რეგფონდს თანხა არ ჰქონდა. არც ის მახსენდება, ალტერნატიული წინადადება იყო თუ არა შემოსული შესაბამის კომისიაში. მე არ ვიყავი კომისიის წევრი და ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის უმჯობესია გაკეთდეს ერთხელ და ხარისხიანად. თუ გახსოვთ, მე კატეგორიულად ავკრძალე მოხრეშვები, მაგრამ იყო გამონაკლისებიც, რაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა. არ ვიცი, ეს იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ხარისხიანად გაკეთებულიყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილმა.
ის, რომ ობიექტები ხარისხიანად უნდა გაკეთდეს და ხარისხის ექსპერტიზაც ჩატარდეს, აუცილებლობად მიაჩნიათ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ხელშეკრულების თანახმად, ჩაბარებულ ობიექტზე ხარვეზების აღმოჩენისას, შემსრულებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა გაასწოროს ნაკლი; "გურია ნიუსი" თვალს მიადევნებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვს თუ რა გამგეობა შემსრულებელს ხარვეზის აღმოფხვრას.
მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისადმი არარაციონალური მიდგომაა: "დროებით" 200 ათასი ლარის დახარჯვასაც "არაუშავს", მიუხედავად იმისა, რომ თავშივე ყველამ იცის, რომ ამით პრობლემა არ მოიხსნება.